8 ივლისს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. მსჯელობა ეხებოდა ლიეტუველი ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს ინიციირებულ რეზოლუციას, რომელსაც კენჭს 9 ივლისს უყრიან.

რეზოლუციის პროექტი ემყარება 2023-24 წლების ევროკომისიის ანგარიშებს. რეზოლუციის პროექტში ინიციირებულია 22 შესწორება. გარდა ამისა, 8 ივლისის სხდომაზე მომხსენებლმა რასა იუკნევიჩიენემ ორი ზეპირი შესწორების შესახებ განაცხადა:

  • პირველი ეხება ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს.

“პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება. მას მხედველობა ეკარგება. არ მიეწოდება სათანადო სამედიცინო დახმარება და პოლიტიკური მიზეზების გამო ციხეში რჩება”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

  • მეორე შესწორება ეხება რეზოლუციის პუნქტს, რომელშიც საუბარია საქართველოს ევროკავშირში ასოცირების შეთანხმებაზე. იუკნევიჩიენეს განცხადებით, ბოლო თვეებში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო ეს პუნქტი უნდა გამკაცრდეს და მეტად გახდეს შედეგზე ორიენტირებული.

„ძალიან სამწუხარო, მაგრამ ალბათ შესაფერისი დამთხვევაა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმავე საღამოს, როდესაც მიმდინარეობს დებატები ბელარუსზე. ვის წარმოედგინა, რომ საქართველო, რომელიც ოდესღაც დემოკრატიის მედროშე იყო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის, იქნებოდა ლუკაშენკოს ტიპის ავტორიტარიზმის მატარებელი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ არა მხოლოდ ბელორუსელებსა და ლუკაშენკოს ციხეზე, არამედ ქართველებსა და ბიძინა ივანიშვილის ციხეზე.

[…] ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ევროპარლამენტის წევრების, მათ შორის ევროკავშირის ელჩების წინააღმდეგ თავდასხმებმა მხოლოდ გაამყარა ჩვენი საერთო პოზიცია. ჩვენ გვესმის, რომ ეს განცხადებები არ ასახავს ქართველი ხალხის შეხედულებებს. ჩვენ ვხედავთ მათ ბრძოლას და ვაღიარებთ მათ მკაფიო სურვილს, გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანების გზა. რადგან სიტუაცია გაუარესდა აქტივების შესახებ კენჭისყრის შემდეგ, მომზადდა ახალი შესწორებები პრიორიტეტებისა და პარტიების მიხედვით, რომლებსაც გირჩევთ, მხარი დავუჭიროთ. შემოთავაზებული ძირითადი ცვლილებები მოიცავს ტექსტის განახლებას, რათა ასახავდეს ბოლო დროს განვითარებულ ყველაზე სერიოზულ მოვლენებს, კერძოდ, თითქმის ყველა მთავარი ოპოზიციური ლიდერის დაკავებას და პოლიტიკურად მოტივირებულ სასჯელებს, ასევე ცნობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნას”, — განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ამავე კონტექსტში მან ახსენა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება და თქვა, რომ “უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს”. ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ენიჭებათ დემოკრატიულ ქვეყნებს და არა იმ რეჟიმს, რომელიც პოლიტიკური მიზეზების გამო მოქალაქეებს აპატიმრებს.

იუკნევიჩიენემ გაიხსენა რეზოლუციის პროექტში ერთ-ერთი ბოლო შესწორება, რომელიც ეხება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებს. ამ შესწორების მიხედვით, “მუნიციპალური არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და ინტენსიური საერთაშორისო დაკვირვების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს ნამდვილად სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე პროცესს”. გარდა ამისა, დოკუმენტი “მოუწოდებს ოპოზიციას, გამოიყენოს ეს არჩევნები ქართველი ხალხის ერთობის ასახვისთვის დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სასარგებლოდ”. თუმცა, უკვე 8 ივლისს გამართულ სესიაზე იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ “ოპოზიციის ძირითადი ლიდერების დაპატიმრების გამო, მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად”.

გარდა ამისა, იუკნევიჩიენე გამოეხმაურა რეზოლუციის ტექსტში შესწორებას, რომლის ინიციატორები არიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერი “სუვერენულ ერთა ევროპის“ პოლიტიკური ჯგუფი (ESN). ამ შესწორების მიხედვით, რეზოლუცია ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. იუკნევიჩიენე ირწმუნება, რომ ამ შესწორებას ევროპარლამენტი მხარს არ დაუჭერს.

“მათმა [“ქართული ოცნების”] მეგობრებმა კრემლსა და ულტრამემარჯვენე ჯგუფებში, როგორიცაა ESN, შემოგვთავაზეს შესწორებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ ამას არ დავუჭერთ მხარს”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტარებთან ერთად დებატებისას სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენელი, მარია ბიერი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი.

ამ უკანასკნელმა ისაუბრა პოლიტიკური ოპონენების სისხლისამართლებრივ დევნაზე, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობებზე. გარდა ამისა, ევროკომისარმა გაიხსენა ბოლო თვეების განმავლობაში “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული კანონები, მათ შორის, ე.წ. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი, მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ კანონებში შეტანილი ცვლილებები და სხვა. კოსის განცხადებით, ყველა ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. მან ისაუბრა იმ როლზე, რასაც ევროკავშირი ასრულებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში და დააანონსა, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, მათ შორის – ფინანსური.

“ის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში, შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველით”, – განაცხადა მარტა კოსმა.

ამავე თემაზე: