„ქართული ოცნების“ დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, დასადგენია, ნამდვილად თორნიკე რიჟვაძემ დაწერა თუ არა წერილი, რომელიც პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა.
„დადგენილია, რომ ეს წერილი მართლა მისი დაწერილია? როგორ დაადგინეს? ექსპერტიზა ჩატარდა უკვე? ეს ასე არ ხდება, თუ გამოძიება დაადგენს, რომ მან რაღაც წერილი დაწერა, თუ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ნამდვილად მისი დაწერილია, გამოძიება შეაფასებს ამას და მისცემს შესაბამის კვალიფიკაციას… ამ წერილის ასლიც არ დევს, ხომ? მოყოლით იციან“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შს სამინისტროს ცნობით, დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
პროპაგანდისტული მედიის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა. ამავე დროს, წერილის შესახებ შს სამინისტროს არაფერი განუცხადებია.
თუმცა სანდო წყაროებმა „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია. რაიმე სახის წერილის მედიისთვის გადაცემის ფაქტს არ ადასტურებენ არც საგარეჯოს საავადმყოფოში და არც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით იმყოფება.








