აზერბაიჯანში არსებული პროფკავშირების გაერთიანება „İşçi Masası“-ს წევრი ელვინ მუსტაფაევი ციხეში წამებას დაექვემდებარა — აცხადებს ორგანიზაცია.
როგორც „İşçi Masası“-ში აცხადებენ, ელვინ მუსტაფაევი, რომელიც ამჟამად მეექვსე სასჯელაღსრულებით დაწესებულების დისციპლინარულ საკანში (კარცერში) იმყოფება, დაწესებულების ხელმძღვანელობამ აწამა.
მუსტაფაევი 2025 წლის 6 მაისიდან შიმშილობდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, თოფიგ იაღუბლუსა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. ამის შემდეგ გადაიყვანეს მე-13 ციხიდან მეექვსე დაწესებულებაში, სადაც კარცერში მოათავსეს.
ორგანიზაციის ინფორმაციის მიხედვით, მუსტაფაევი ციხეში მიყვანისთანავე მიიყვანეს დაწესებულების უფროს ფარიზ ალიევთან. ელვინის მონათხრობის მიხედვით, ალიევმა მას უთხრა – „ეს ის ზონა არ არის, რაც აქამდე გინახავს, აქ ჭკუით უნდა იყო“ — და მაშინვე სილა გააწნა. მას შემდეგ, რაც მუსტაფაევმა ასეთი მოპყრობა უკანონოდ და დამამცირებლად შეაფასა, ორი სხვა თანამშრომელიც ჩაერთო ცემაში. მუსტაფაევის თქმით, ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ურტყამდნენ სახესა და სხეულზე. დაუზიანდა ყური, დაემართა დაჟეჟილობა და დაკარგა გონება. მისი თქმით, ერთი თვე უკვე გასულია, თუმცა კვლავ აქვს ძლიერი ტკივილები და ყურის ანთება.
„İşçi Masası“-მ უკვე მიმართა ომბუდსმენსა და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამსახურს, რათა ფარიზ ალიევი და სხვა დამნაშავე პირები პასუხისგებაში მიეცნენ.
ამ ეტაპზე ოფიციალური უწყებები — არც იუსტიციის სამინისტრო და არც სასჯელაღსრულების სამსახური — განცხადებას არ აკეთებენ.
მუსტაფაევის ადვოკატმა ზიბეიდე სადიგოვამ განაცხადა, რომ მეექვსე დაწესებულებამ წარადგინა შუამდგომლობა, რომ მუსტაფაევი გააგზავნონ მკაცრი რეჟიმის გობუსტანის ციხეში. სასამართლო სხდომა 19 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო და ახალი თარიღი ჯერ უცნობია.
ელვინ მუსტაფაევი 2023 წლის 4 აგვისტოს დააკავეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მუხლით და 2024 წლის 31 იანვარს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის არ აღიარებს ბრალს და ამბობს, რომ ნარკოტიკი მას ჩაუდეს.
„İşçi Masası“ პროფკავშირების კონფედერაციაა, რომელიც 2022 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს დასაქმებულთა უფლებების დაცვას. ორგანიზაციის ოთხი წევრი — აფიადინ მამადოვი, აიხან ისრაფილოვი, ელვინ მუსტაფაევი და მოჰიედდინ ორუჯოვი — ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.
“15 ადამიანი ერთდროულად აწამებდა ელვინ მუსტაფაევს. მისი მოკვლა სცადეს — დიახ, სწორად წაიკითხეთ — მისი მოკვლა. ელვინი ამ სასტიკ ცემას შემთხვევით გადაურჩა, მძიმე დაზიანებებით. იგი ერთი თვის განმავლობაში გადამალული იყო – ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და თუნდაც მისი ადვოკატისთვის ხელმიუწვდომელი. მისი სასამართლო სხდომები გადაიდო. მიზეზი, რატომაც დამალეთ იგი, მარტივია: გეშინიათ! გეშინიათ აჩვენოთ საზოგადოებას, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლეს აღარ აქვს ფასი. დღეს ელვინის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ სისტემამ რომ მოინდომოს, შეუძლია, ერთ დღეში გააქროს. ყველანი, ვინც ამ დანაშაულში ხართ ჩართული — ვინც აწამა და ვინც ბრძანება გასცა — საძაგლები ხართ! ელვინისა და სხვა პოლიტპატიმრების წინააღმდეგ ჩადენილი ეს დანაშაულები პასუხგაუცემელი არ დარჩება. ჩვენ არ გავჩუმდებით”, – წერს აქტივისტი სარა რაჰიმოვა.