ახალი ამბებისაზოგადოება

„აიმაღლეთ ხმა, სანამ სისხლიანი ხელებით კარზე მოგიკაკუნებენ“ — მათე დევიძის წერილი ციხიდან

25 ივნისი, 2025 •
„აიმაღლეთ ხმა, სანამ სისხლიანი ხელებით კარზე მოგიკაკუნებენ“ — მათე დევიძის წერილი ციხიდან

მათე დევიძის და, ელენე, მათეს წერილს ავრცელებს, რომელიც 21 წლის სინდისის პატიმარმა განაჩენის გამოტანის დღეს, 12 ივნისს დაწერა.

მათე 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. 21 წელი ციხეში შეუსრულდა. განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა. გალუსტაშვილს სინდისის სხვა პატიმრების საქმეებიც აბარია: 11 პირის, ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულის, დავით ხომერიკის, გიორგი მინდაძის საქმეები.

განაჩენის გამოცხადებას მათე არ დასწრებია. სხდომა მანამდე დატოვა და თქვა, რომ ამის მოსმენა არ შეეძლო. „სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“, — ეს იყო მისი ბოლო სიტყვები დარბაზიდან გასვლამდე.

ნეტგაზეთი მათე დევიძის წერილს სრულად და უცვლელად გთავაზობთ.


“თანამებრძოლებო, დღეს 12 ივნისია. განაჩენის დღე. ფანატიკოსების მოსამართლემ 4 წელი და 6 თვე მომისაჯა. მიზეზი, სამშობლოს და თავისუფლების სიყვარული. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენი წინაპრები გადიოდნენ. ისინი ჩვენი თავისუფლებისთვის მეგობრებს, ოჯახის წევრებს, სიყვარულს, ერთადერთ სიცოცხლეს სწირავდნენ. ეს მათ გამოუვიდათ. რთულად, მაგრამ მაინც გამოუვიდათ. მათ ფონზე ეს არაფერია. ვიცი, რომ ეს განაჩენი არ შესრულდება, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა. ეს ჩემი სიამაყის წლები იქნება. ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ ეს სისხლით მოპოვებული თავისუფლება.

სიმართლე გითხრათ, ვერ დამიჯერებია, რომ ამას მე ვწერ. ასე მგონია, დიდ ზღაპარს ვკითხულობ. ოღონდ ჯერჯერობით ყველაფერი ბოროტების ხელშია. ყოფილა მომენტები, რომელიც დასასრულს წააგავდა. მაგრამ ზღაპარი რაის ზღაპარია, თუ ბოროტმა გაიმარჯვა. თუ ცუდად მთავრდება, ესე იგი ჯერ დასასრული არაა. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ეს მოხდა დღეს. ზღაპარი გაგრძელდა. წიგნს ფურცლები შეემატა და ახალი, ლამაზი სიტყვები დაიწერა. ლამაზი სიტყვების ავტორები თქვენ ხართ. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე მემახსოვრება. ჩემთვის სრულიად უცნობი უამრავი ადამიანი ჩემს სახელს იძახდა. ჩემთვის სრულიად უცნობი უამრავი ადამიანი ჩემ გამო ტიროდა. ღმერთო, ეს ცრემლები… არ შემიძლია ეს არ ვიგრძნო. თქვენ ხართ იმედი. ერთადერთი გადარჩენის გზა. თავისუფალი საზოგადოება.

მინდა ყველასთან მოვიდე და პირადად გადაგიხადოთ მადლობა ჩემი ოჯახის გამხნევებისთვის და ძალის მიცემისთვის. მადლობა იმ პატარა, ლამაზი სამყაროს აღდგენისთვის, რომლის შენარჩუნების ბრძოლას ჩემი ფიზიკური თავისუფლება შეეწირა.

რწმენა, რომელიც ჩვენს გულებში ასე საგულდაგულოდაა დაბუდებული, აუცილებლად გაიმარჯვებს.

ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. ცრემლები მხოლოდ გამარჯვების შემდეგ. ისიც ბედნიერების. მე არ მოვმკვდარვარ და ამ ბრძოლაში არავინ მოკვდება.

“რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ.”

არასდროს არ მისცეთ ნება სისტემას, დაგადოთ უხილავი ბორკილები, რომელიც მისმა ყურმოჭრილმა მონებმა უკვე შეისისხლხორცა.

რაც შეეხება მათ, ვინც ჯერ კიდევ ჩუმადაა. არცერთ ჩვენგანს არ გვეგონა, რომ გისოსებში გამოგვამწყვდევდნენ. აიმაღლეთ ხმა, თორემ სისხლიანი ხელები თქვენს კარზეც დააკაკუნებს.

არ დათმოთ… იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის… იბრძოლეთ, სანამ გვიან არაა. თავისუფლება თქვენ, ჩვენ და სრულიად საქართველოს.

და ლამის დამავიწყდა, კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. მე უბრალო ბიჭი ვარ, რომელსაც თქვენსავით უყვარს სამშობლო და თავისუფლება. ნუ დამიძახებთ გმირს. მე არ ვარ გმირი… (მაგრამ ვარ თავისუფალი. თქვენსავით).

მასალების გადაბეჭდვის წესი