ახალი ამბები

ბრიტანეთის პარლამენტში ქართველი ოპოზიციონერების დაკავება განიხილეს

25 ივნისი, 2025 •
ბრიტანეთის პარლამენტში ქართველი ოპოზიციონერების დაკავება განიხილეს

24 ივნისს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

საქართველოზე კითხვა კონსერვატიული პარტიის წევრმა დეპუტატმა, მარკ პრიტჩარდმა დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრს, სტივენ დაუთის დაუსვა.

„ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ოპოზიციის ექვსივე ლიდერი საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში დააკავეს .

რას აპირებს ბრიტანეთის მთავრობა ამასთან დაკავშირებით და რა არის მისი გზავნილი ქართველი ხალხისთვის, რომელიც ამ უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის შედეგად იტანჯება?“, – იკითხა მარკ პრიტჩარდმა.

დეპუტატის პასუხად დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, სტივენ დაუთიმ განაცხადა, რომ ბოლო კვირებში „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ გაუზიარა თავისი შეშფოთება და ამას კვლავ გააკეთებს.

„ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები. ჩვენ აბსოლუტურად ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვას. ბოლო კვირების განმავლობაში პირდაპირ გავუზიარე ჩემი შეშფოთება „ქართულ ოცნებას“ და ამას კვლავ გავაკეთებ“, – განაცხადა სტივენ დაუთიმ.

გარდა ამისა, გუშინ, 24 ივნისს, ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაკავებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკკლირიც (ლიბერალ-დემოკრატი). მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ სანქციები ახლავე უნდა დააწესოს.

„როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ვგმობ ჩემი მეგობრის, გიორგი ვაშაძის, დაპატიმრებას. მას მომავალ კვირას უნდა შევხვედროდი.

საგარეო საქმეთა მინისტრს მივწერ წერილს და მოვითხოვ დაუყოვნებლივ რეაგირებას. საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს – დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილისა და მისი კორუმპირებული მთავრობის წინააღმდეგ სანქციები ახლავე უნდა დააწესოს“, – წერს X-ზე ჯეიმს მაკკლირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი