“სომხეთის რესპუბლიკა რუსეთის პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების რიგი წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც ეხება ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანთან დაკავშირებულ ვითარებას, აფასებს როგორც ჩარევას ქვეყნის შიდა საქმეებში და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას” – როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, მთავრობის შეკითხვების სესიისას, უპასუხა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატ ჰასმიკ ჰაკობიანის შეკითხვას.
სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენ/მეცენატი კარაპეტიანი დააკავეს
დეპუტატმა აღნიშნა, რომ სამველ კარაპეტიანის დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო და საზოგადოებრივ წრეებში გაკეთდა არაერთი მხარდამჭერი განცხადება, რომელთა ნაწილს თან ახლდა მოწოდებები სომხეთის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევისკენ.
არარატ მირზოიანმა თქვა, რომ 17 ივნისს რუსეთის საზოგადოებრივი ტელეარხის ეთერში, გადაცემაში „საღამო სოლოვიოვთან ერთად“, გაკეთდა მიუღებელი მოწოდებები, დამახინჯებული შეფასებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები, მათ შორის პირადი ხასიათის, რომლებიც სომხეთის ხელმძღვანელობისკენ იყო მიმართული.
„მალევე მსგავს შინაარსის განცხადებები გაკეთდა რუსი პოლიტიკოსების, მათ შორის სახელმწიფო დუმის და მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდანაც“, – თქვა სომეხმა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სომხეთი ამ განცხადებებს აფასებს როგორც ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საწინააღმდეგოს.
„ჩვენ, სომხეთის რესპუბლიკა, ამას მივიჩნევთ არა მხოლოდ ტრადიციული სომხურ-რუსული მეგობრობის და ამ მეგობრობის განმტკიცებისთვის სამართლებრივი დოკუმენტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად, არამედ როგორც ღია ჩარევას სომხეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებში და ჩვენი სუვერენიტეტის და დემოკრატიის ხელყოფას.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს რუს პარტნიორებს. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ოფიციალური ნოტა უკვე მიღებული უნდა ჰქონდეს ადრესატს“.