პირველი ინსტანციის ერევნის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო რუსეთსა და სომხეთში მომუშავე ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის ორთვიან წინასწარ პატიმრობაზე. მისი ადვოკატის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არაკანონიერი იყო.
კარაპეტიანს ბრალდება წარედგინა სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს საჯარო მოწოდებას ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, სუვერენიტეტზე უარის თქმის ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობისკენ.
როგორც news.am წერს, ღამით კარაპეტიანი პოლიციის უფროსის მოადგილის თანხმლებით ავტომობილით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი – საგამოძიებო კომიტეტში.
“დილის საათებში გახდა ცნობილი, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი არმენ აბაზიანი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, აბაზიანის გათავისუფლების მიზეზი ის იყო, რომ უარი თქვა ფაშინიანის ბრძანების შესრულებაზე და არ მოაწყო „შოუ“ კარაპეტიანის სახლთან”, – წერს გამოცემა.
იქამდე „ტაშირ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, ცნობილმა ბიზნესმენმა სამველ კარაპეტიანმა მედიასთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად არის მზად, ჩაერთოს “ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიაში, რომელსაც ფაშიანიანის ხელისუფლება აწარმოებს”.
„მცირე ჯგუფი, რომელმაც სომხეთის ისტორია და სომხური ეკლესიის ათასწლოვანი წარსული დაივიწყა, თავს ესხმის სომხურ ეკლესიას და სომეხ ერს. ვინაიდან ყოველთვის სომხური ეკლესიის და სომეხი ერის გვერდით ვიდექი, უშუალოდ ჩავერთვები ამ პროცესში. თუ პოლიტიკოსები ვერაფერს მიაღწევენ, ჩვენს გზას მივყვებით და ჩვენს სტილში ჩავერთვებით“, – განაცხადა „ტაშირ ჯგუფის“ მფლობელმა სამველ კარაპეტიანმა.
“სომხეთის რესპუბლიკა რუსეთის პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების რიგი წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც ეხება ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანთან დაკავშირებულ ვითარებას, აფასებს როგორც ჩარევას ქვეყნის შიდა საქმეებში და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას” – როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, მთავრობის შეკითხვების სესიისას, უპასუხა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა „სამოქალაქო შეთანხმების” დეპუტატ ჰასმიკ ჰაკობიანის შეკითხვას.
სომხეთის საგარეო მინისტრის თქმით, რუსეთი მის სუვერენიტეტში ერევა