ახალი ამბები

„მაესტროს“ ოპერატორი ვერსიას ცვლის

9 ნოემბერი, 2010 • 1430
„მაესტროს“ ოპერატორი ვერსიას ცვლის

მაესტროს ოპერატორი თემურ დოლიაშვილი არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მასზე მომხდარი თავდასხმისას, თავდამსხელებს შორის სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებიც იყვნენ.

,,ეს არასწორი ინფორმაციაა და არ ვიცი, საიდან წამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ასე გამოდის, რომ მამაჩემი ამტკიცებს, რომ სამართალდამცავებიც იყვნენ თავდამსხმელებს შორის, მაგრამ  ეს ასე არაა. მამაჩემი ამბობდა, რომ ჩემი შვილი სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა სამართალდამცავებსო, მეტი ამ კაცს არაფერი  უთქვამს’’, – ამბობს დოლიაშვილი.

შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, დაზარალებულის მამა აცხადებს, რომ მისი შვილის ცემაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.

ასევე, 3 ნოემბერს ნეტგაზეთთან საუბრისას ტელეკომპანია მაესტროს დირექტორმა კახა ბექაურმა თქვა, რომ გონების დაკარგვამდე დოლიაშვილმა ექიმს უთხრა, რომ თავდამსხმელებს შორის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებიც იყვნენ. დოლიაშვილი ამბობს, რომ მან ეს უთხრა ექიმს, თუმცა, მისივე განმარტებით,  შესაძლოა, თავზე მიყენებული ტრავმის გამო, ეს მოჩვენებოდა.

,, კი, მე ვთქვი ასეთი რაღაც, მაგრამ არ ყოფილა ეს ასე, შეიძლება იმ მომენტში მომეჩვენა იმიტომ, რომ ძალიან მაგრად მომხვდა თავში’’, –  ამბობს დოლიაშვილი.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შსს–ს თანამშრომლების მიერ დაკავებულია თემურ დოლიაშვილის ცემაში ეჭვმიტანილი პირი – ვლადიმერ მელაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, თემურ დოლიაშვილი და ვლადიმერ მელაძე საქეიფოდ იმყოფებოდნენ მეგობართან – გიორგი კარტოზიასთან. დოლიაშვილმა მელაძე სწორედ იქ გაიცნო. როგორც შსს წერს, ახალგაცნობილებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მომხდარი ჩხუბის შემდეგ მელაძე თემურ დოლიაშვილს  საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დახვდა და ხელკეტის გამოყენებით დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდა.

შსს, ასევე, ავრცელებს დაკავებულის ვიდეოკომენტარსაც: მელაძე ამბობს, რომ შელაპარაკების შემდეგ კარტოზიას ბინიდან იგი მარტო წამოვიდა, ლესელიძეზე შეხვდა მეგობარს, რომელსაც სთხოვა მანქანა და უკან გაყვა იმ ტაქსს, რომელშიც დოლიაშვილი იჯდა.

,,ვაჟა–ფშაველას ძეგლთან გაჩერდნენ, მანქანიდან თემური და კიდევ ორი პიროვნება გადმოვიდნენ, გოგო და ბიჭი, მე ცოტა მოშორებით გავაჩერე მანქანა, მივედი თემურისთან დასალაპარაკებლად და ისევ მომივიდა შეკამათება, რა დროსაც გადმოვიღე მანქანიდან ჯოხი და რამდენჯერმე ჩავარტყი თემურის თავში. მის დასახმარებლად მისი მეგობარი წამოიწია და იმასაც ჩავარტყი თავში’’, – ყვება მელაძე.

დოლიაშვილის მეგობარი რატი გოგუაძე, რომელიც დოლიაშვილთან ერთად წამოვიდა ტაქსით კარტოზიას ბინიდან, ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ ვლადიმერ მელაძესთან ერთან კიდევ ერთი ან ორი ბიჭი იყო.

,,მანქანიდან გადმოვიდა ორი–სამი ბიჭი, ვოვაც (ვლადიმერ მელაძე) იქ იყო და გვცემეს’’, – ამბობს გოგუაძე.

ტელეკომპანია მაესტრომ 3 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია ტელეკომპანიის ერთ–ერთი ოპერატორის, თემურ დოლიაშვილის ცემის შესახებ. მათი ინფორმაციით,  2 ნოემბერს, ღამით, დაუდგენელი პირები დოლიაშვილს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დოლიაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში მოათავსეს. მას თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ამჟამად დოლიაშვილი საავადმყოფოდან გამოწერეს, თუმცა, ექიმების დიაგნოზით, მას ტვინის ძლიერი შერყევა აქვს.

მაესტროს დირექტორის კახა ბექაურის თქმით, იმავე კვირაში კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა მაესტროს ერთ–ერთ თანამშრომელზე. ბექაურის თქმით, იმ კვირაში ვასიკო ოდიშვილის გადაცემის სცენარისტი, დათო ცხომელიძეც სცემეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი