იქამდე ფაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმების“ ფრაქციამ ეკლესიის ფინანსური ანგარიშვალდებულების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აპირებს კანონპროექტის ინიცირებას, რომლის მიხედვითაც სომხეთის ეკლესია სახელმწიფოს წინაშე ფინანსურად ანგარიშვალდებული უნდა გახდეს. ამის შესახებ ფრაქციის მდივანმა არტურ ჰოვანნისიანმა ფეისბუკზე დაწერა.
„შაბათსა და კვირას ჩემს ფეისბუკ გვერდზე დავდე მცირე გამოკითხვა კითხვით: უნდა იყოს თუ არა სომხეთის სამოციქულო ეკლესია ფინანსურად ანგარიშვალდებული სახელმწიფოს წინაშე? მონაწილეობა მიიღო 2 679-მა ადამიანმა: კი – 96% (2 575 ადამიანი), არა – 4% (104). საჭიროა ამ მიმართულებით საკანონმდებლო მუშაობა“, – დაწერა ჰოვანნისიანმა.
მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ “ჯერ კიდევ დასადგენია, რამდენ მღვდელს ჰყავს ოჯახი, ვინც ცელიბატს უნდა იცავდეს (დაუქორწინებლობის/უბიწოების აღთქმა) . ასევე განაცხადა, რომ სომხეთის კათოლიკოსის არჩევისას სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და ეკლესიას შორის დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო წლებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2020 წელს ეჩმიაძინმა (საეკლესიო მმართველმა ორგანომ) პრემიერის გადადგომა მოითხოვა და მკაცრად გააკრიტიკა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო.
