ახალი ამბები

აქციების დროს დაკავებულებს, რომლებიც ბრალს აღიარებენ, საპროცესო ხელშეკრულება არ გაუფორმეს

2 ივნისი, 2025 •
აქციების დროს დაკავებულებს, რომლებიც ბრალს აღიარებენ, საპროცესო ხელშეკრულება არ გაუფორმეს

მოსამართლე ლილი მსხილაძემ აქციების დროს დაკავებულ 23 წლის დანიელ მუმლაძესა და 26 წლის გურამ ხუტაშვილს 3-3 წელი მიუსაჯა.

ორივე მათგანს გასული წლის დეკემბერში რუსთაველის გამზირზე სამეთვალყურეო კამერების დაზიანებას ედავებოდნენ. ბრალდებულები დაკავების დღიდან აღიარებდნენ დანაშაულს და ამბობდნენ, რომ ზარალს აანაზღაურებდნენ, თუმცა, თვეობით ლოდინის მიუხედავად, საპროცესო ხელშეკრულება არ გაუფორმეს. აქამდე არცერთი მათგანი ნასამართლევი არ ყოფილა.

მოსამართლის თქმით, “ქვეყანაში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობრივმა ქმედებებმა სისტემატური სახე მიიღო” და ეს დაასახელა მან საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის და შეღავათების არგამოყენების მიზეზად.

ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ აქციების მომხრე არასოდეს ყოფილა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება საპროცესო ხელშეკრულების არგამოყენებაზე არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა.

დანიელ მუმლაძესა და გურამ ხუტაშვილს ბრალი წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც ისინი ჰყვებიან, დანაშაულის ჩადენის მომენტში არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. შემთხვევის დღეს სამსახურიდან, რუსთაველის მიმდებარედ, ერთ-ერთი რესტორნიდან ერთად გამოვიდნენ. რუსთაველის გამზირზე ორი, შავებში ჩაცმული, ნიღბიანი ადამიანი შეხვდა, რომლებმაც უთხრეს, რომ აპირებდნენ 112-ის კუთვნილი ვიდეოკამერების დაზიანებას და დახმარება სთხოვეს. ნიღბიან უცნობებს თან ჰქონდათ კიბე, რომლის გამოყენებითაც სიმაღლეზე ასვლას აპირებდნენ. მუმლაძე და ხუტაშვილი დათანხმდნენ დახმარებას.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ისინი მონაცვლეობთ ადიან კიბეზე და სხვადასხვა ფორმით ცდილობენ კამერების დაზიანებას. ორი პირი, რომლებიც ასევე ჩანს ამ ვიდეოში, სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული არ ჰყავთ.

სამეთვალყურეო კამერების დაზიანებისთვის დაკავებულები პატიმრობაში დატოვეს – მათ დანაშაული აღიარეს

მასალების გადაბეჭდვის წესი