ახალი ამბები

ნიკა მელიას დაკავება არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი – წინააღმდეგობის პლატფორმა

30 მაისი, 2025 •
ნიკა მელიას დაკავება არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი – წინააღმდეგობის პლატფორმა

სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა ეხმაურება “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას. მათი შეფასებით ეს არის “რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი”.

“ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი. როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან, პასუხი ნათელია – ართანამშრომლობის თითოეული აქტი, დაუმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას.

ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს, ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში. სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

29 მაისს, საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე დააკავეს ნიკა მელია. როგორ მისი თანაპარტიელები ჰყვებიან, ის თავდაპირველად საპატრულო პოლიციის მანქანამ გააჩერა, მოულოდნელად კი 100-მდე ჩასაფრებული პოლიციელი გამოჩნდა, რომლებმაც ძალის გამოყენებით წაიყვანეს. ადვოკატები მელიასთან დაკავებიდან 3 საათზე მეტი შემდეგ შეუშვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უწყებას მას ედავება 173-ე მუხლის დარღვევას, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.


ნიკა მელია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. პროკურატურა მას ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ლიდერების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ედავება.

მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდის ვადა, მისი ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, დღეს, 00:00 საათზე იწურება. მელიას გაცხადებული პოზიციაა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო სხდომა, რომელიც პროკურორების გამოუცხადებლობის საფუძვლით გადაიდო. გიორგი კონდახიშვილი ფიქრობს, რომ პროკურორებმა სპეციალურად გადადეს სხდომა, რადგან ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა იწურება დღეს, ღამის 12:00 საათამდე. შესაბამისად, სხდომის მიმდინარეობისას პროკურორებს არ ექნებოდათ შესაძლებლობა ეთქვათ, რომ მელიამ გირაო არ გადაიხადა და ამიტომ, მისი პატიმრობაა საჭირო.

მოსამართლე ირაკლი შვანგურაძემ სხდომა ხვალ, 30 მაისს, 14:00 საათზე დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი