23 მაისს ცნობილ თურქ მსახიობებს, ჰალით ერგენჩსა და რიზა კოჩაოღლუს სასამართლომ პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.
ერგენჩს, რომლის ყველაზე ცნობილი როლია სულთანი სულეიმანი სერიალიდან “დიდებული საუკუნე”, 1 წელი, 10 თვე და 15 დღე განესაზღვრა. რაც შეეხება კოჩაოღლუს, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს სერიალიდან “ორმო” ალიჩოს როლით – 1 წელი და 8 თვე ექნება პირობითი მსჯავრი.
პატიმრობის ნაცვლად მათთვის პირობითი მსჯავრის განსაზღვრა მოსამართლემ იმ საფუძვლით გადაწყვიტა, რომ არცერთი მათგანი წარსულში ნასამართლევი არ არის.
პროკურატურა მსახიობებს ედავებოდა ცრუ ჩვენების მიცემას მსახიობების მენეჯერის, აიშე ბარიმის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ისინი ბრალს არ აღიარებენ და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
ვინ არის აიშე ბარიმი და რას ედავება მას თურქეთის პროკურატურა
აიშე ბარიმი არის კომუნიკაციების სპეციალისტი, რომელსაც თურქეთში “ტალანტების მენეჯერად” იცნობენ. ის მსახიობებს კარიერული გზის გაკვალვაში ეხმარება.
მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. პროკურატურა მას ედავება 2013 წელს გეზის პარკის აქციების ორგანიზებას. ბრალდების მიხედვით, ბარიმი თანამშრომლობდა დემონსტრაციების სხვა ლიდერებთან. მათ შორის, ცნობილი ბიზნესმენსა და აქტივისტთან, ოსმან ქავალასთან. თავად ქავალა ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით 2018 წელს დააკავეს, 2022 წელს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ხელისუფლების დამხობის მუხლი წარდგენილი აქვს აიშე ბარიმისაც. გარდა ამისა, მას ედავებიან, რომ იმ მსახიობებს, რომლებთანაც 2013 წელს თანამშრომლობდა, აიძულებდა დემონსტრაციებში მონაწილეობას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აიშე ბარიმს 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბარიმი მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, როგორც ოსმან ქავალასთან, ისე სხვა პირებთან, რომელთან თანამშრომლობითაც ხელისუფლების დამხობის მცდელობას ედავებიან, მხოლოდ პროფესიული და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს.
ის ადასტურებს დემონსტრაციებში მონაწილეობას როგორც ინდივიდუალურად, ისე იმ მსახიობებთან ერთად, ვისთანაც მაშინ თანამშრომლობდა. თუმცა უარყოფს ბრალდებას, რომ მსახიობებს აქციებზე სიარულს აიძულებდა. ასევე, უარყოფს ორგანიზებაში ჩართულობის ბრალდებასაც.
აიშე ბარიმის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი საქმე თურქეთში ფართო განხილვის საგანია. საზოგადოების ნაწილი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ერდოღანის მიერ ხელოვნების სფეროზე ზეწოლად და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევს.
გეზი პარკის აქციები
გეზის პარკის აქციების სახელითაა ცნობილი ფართომასშტაბიანი აქციები თურქეთში 2013 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში. პროტესტი თავდპაირველად სტამბოლის ცენტრალურ მოედანზე, ტაქსიმზე, ამ სახელწოდების პარკში სავაჭრო ცენტრის მშენებლობის იდეას მოჰყვა, მოგვიანებით კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო აქციებში გადაიზარდა.
აქციებს ერდოღანის ხელისუფლების მხრიდან მკაცრი რეპრესიები მოჰყვა.