ახალი ამბებისაზოგადოება

თურქეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ცნობილ აქტივისტსა და ბიზნესმენს

27 აპრილი, 2022 • 1550
თურქეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ცნობილ აქტივისტსა და ბიზნესმენს

თურქ აქტივისტსა და ბიზნესმენს, ოსმან ქავალას, თურქეთის სასამართლომ გახმაურებულ საქმეზე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ქავალას, რომელმაც 4 წელი უკვე გაატარა გისოსებს მიღმა, ხელისუფლების დამხობის მცდელობას ედავებიან.

ოსმან ქავალა მიმდინარე კვირაში გაასამართლეს ბრალდებებით, რომლებიც დაკავშირებულია 2013 წელს თურქეთის ქალაქებში გამართული ანტისამთავრობო აქციების წაქეზებასა და დაფინანსებასთან და 2016 წელს თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობასთან.

თავად ქავალა, რომელიც თავდაპირველად 2017 წელს დააკავეს, ბრალდებებს უარყოფს, თურქეთის ხელისუფლებას კი მართლმსაჯულების სისტემის “მკვლელობაში” ადანაშაულებს.

თურქეთის საერთაშორისო მოკავშირეები, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო(ECHR) და აქტივისტები, ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ევროპული სასამართლოს მიხედვით, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ოსმან ქავალამ დანაშაული ჩაიდინა. ECHR-მა 2019 წელს დაადგინა, რომ თურქეთის სახელმწიფომ დაარღვია ქავალას უფლებები და ის უნდა გათავისუფლებულიყო.

მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები, რომელთა დაფინანსებასაც   ქავალას ედავებიან,  თურქეთში 2013 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში იმართებოდა. აქციები ცნობილია, როგორც “გეზი პარკის პროტესტი”.

სწორედ სტამბოლის ცენტრში, თაქსიმის მოედანთან მდებარე ამ პარკის იერსახის შეცვლის გეგმების გამო დაიწყო აქციები, რომელთაც მალე მიიღეს ერდოღანის ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტის სახე.

ბიზნესმენ ქავალასთან ერთად ამავე საქმეზე კიდევ შვიდი ადამიანი გაასამართლეს. მათ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მანამდე, 2020 წელს, ქავალა აქციების დაფინანსების ბრალდების ნაწილში გაამართლეს, თუმცა გადაწყვეტილება 2021 წელს გაუქმდა და ხსენებული ბრალდება გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებულ საქმესთან გაერთიანდა.

მიმდინარე კვირაში გამოტანილ განაჩენს მალევე გამოეხმაურა აშშ და თქვა, რომ “ღრმად შეწუხებული და იმედგაცრუებულია” თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით. სახელმწიფო დეპარტამენტმა ქავალას გასამართლების ფაქტი”უსამართლოდ” შეაფასა.

ქავალას საქმე თურქეთსა და მის დასავლელ მოკავშირეებს შორის დაძაბულობის საფუძველი წარსულში უკვე გახდა. გასულ წელს ერდოღანის ხელისუფლება იმ 10 ელჩის გაძევებით დაიმუქრა, რომელთაც ხელი მოაწერეს მიმართვას ქავალას გათავისუფლების მოთხოვნაზე.

თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთგზის უარყვეს ქავალას საქმის პოლიტიკურად მოტივირებულობა. მათი თქმით, თურქეთის სასამართლო დამოუკიდებელია.

ბიზნესმენი და აქტივისტი ოსმან ქავალა 64 წლისაა. მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია “Anadolu Kultur” მრავალფეროვნების, კულტურისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობს.

Washington Post-ის ცნობით, ქავალამ სასამართლოს ციხიდან ვიდეოს მეშვეობით მიმართა და დეტალურად ისაუბრა წლებზე, რომლებიც თურქეთის სამართლებრივ სისტემასთან ჭიდილში გაატარა.

მისი შეფასებით, სასამართლო პროცესი “სრულად დეფორმირებულია პოლიტიკური გავლენის ქვეშ”.

“ჩემი ხანგრძლივი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთის აქტად იქცა, ძალაუფლების გადამეტებით “.

“ჩემი ცხოვრების 4,5 წლის დაკარგვის შემდეგ, ერთადერთი ასპექტი, რომელშიც ნუგეშის პოვნა შემიძლია, არის შესაძლებლობა, რომ ჩემი გამოცდილება ხელს შეუწყობს კრიტიკული პრობლემების დაძლევას თურქეთის სასამართლო სისტემაში”, – თქვა მან.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სტამბოლის ცენტრში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა.

“ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ დასრულდება ეს უსამართლობა, ეს მტრობა, სანამ ჩვენი მეგობრები არ გათავისუფლდებიან, სანამ ისინი არ გამართლდებიან იმ საქმეებში, რომლებიც ისტორიის წიგნებში შავ ლაქას დატოვებს”, — აღნიშნეს აქციაზე.

თურქული მედიის ცნობით, პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა. შეძახილებს შორის, რომელთაც სკანდირებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებით გაბრაზებული მოქალაქეები, იყო 2013 წლის პროტესტის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული სლოგანი: “ყველგან თაქსიმია, ყველგან წინააღმდეგობაა!”

მასალების გადაბეჭდვის წესი