შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დააკავეს კაცი, რომელმაც 18 წლის ბიჭი ცივი იარაღით მოკლა. შემთხვევა დღეს, 11 მაისს, გამთენიისას, “რატის ბარში” მოხდა.
უწყების ცნობით, დაკავებული 36 წლისაა და ის წარსულშიც არაერთხელაა ნასამართლევი. მათ შორის, მძიმე დანაშაულისთვის. გარდა ამისა, დააკავეს კიდევე ერთი, 45 წლის კაცი, რომელიც მომხდარს შეესწრო, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე – განზრახ მკვლელობისა და და 376-ე – დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით მიმდინარეობს.
მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულს კი – 4 წლამდე.