ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში კიდევ ერთ ჟურნალისტს 11 წლით პატიმრობა ემუქრება

9 მაისი, 2025 •
აზერბაიჯანში კიდევ ერთ ჟურნალისტს 11 წლით პატიმრობა ემუქრება

სამოქალაქო აქტივისტი და Yoldash Media-ს დამფუძნებელი აჰმედ მამედლი წინასწარ პატიმრობაში ოთხი თვით დატოვეს.

აზერბაიჯანში კიდევ ერთი ჟურნალისტი დააპატიმრეს

მამედლის ბრალი წაუყენეს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 126.2.4-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 221.3-ე მუხლით (ხულიგნობა იარაღის გამოყენებით). ამ მუხლებით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 11 წლამდე ვადით.

აჰმედ მამედლი ბინაგადის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა 6 მაისის საღამოს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 6 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბალაჯარის დასახლებაში აჰმედ მამედლიმ დანით ჭრილობა მიაყენა ვუგარ დუნიამალიევს. მომხდარის სავარაუდო მიზეზად სახელდება კამათი ტაქსიში ადგილის გამო.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, 6 მაისის ღამით, როცა აჰმედ მამედლი ტაქსით ბრუნდებოდა სახლში, მასთან მანქანაში უცნობი კაცი ჩაჯდა.

„მან დაიწყო მისი ცემა მანქანაში. შემდეგ ტაქსი გააჩერეს, აჰმედი სხვა მანქანაში გადასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით ტაქსიდან გადმოიყვანეს და სასტიკად სცემეს. აწამეს ელექტროშოკით, რომ ტელეფონის პაროლი გამოეტყუებინათ“.

სამოქალაქო აქტივისტის ცოლი, ტიურქან მამედლი დარწმუნებულია, რომ აჰმედ მამედლის დაკავების რეალური მიზეზი მისი საზოგადოებრივი საქმიანობაა:

„მისი დაკავება პირდაპირ უკავშირდება მის აქტივისტურ საქმიანობას. აჰმედი ასევე ეწევა დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას — ის აწვდიდა მედიას მასალებს სასამართლო პროცესებიდან. ესეც შეიძლება გამხდარიყო მისი დაკავების მიზეზი“.

აჰმედ მამედლის საზღვრის გადაკვეთაც აკრძალული აქვს 2024 წლის იანვრიდან.

23 იანვარს გენპროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაიბარეს. პროკურატურაში აცნობეს, რომ საბუთი, რომელიც  წარადგინა სახელმწიფო მობილიზაციისა და გაწვევის სამსახურში — თითქოს თურქეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მაგისტრატურაში აგრძელებდა სწავლას — ყალბად ჩაითვალა და მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

ტიურქან მამედლის თქმით, აჰმედ მამედლის ინტერესებს იცავს ადვოკატი ელჩინ სადიგოვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი