7 მაისს Meydan TV-ს საქმეზე აზერბაიჯანში კიდევ ერთი ჟურნალისტი ულვია ალი (ქულიევა) დააკავეს — ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.
ფემინისტი აქტივისტის, გიულნარა მეჰდიევას განცხადებით, ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა:
„ბინა მთლიანად არეულ მდგომარეობაშია. პიანინოს ქვეშ, უჯრები, კარადების თაროები დაზიანებულია. ჯერ არ ვიცით, რა წაიღეს სახლიდან და რა ‘იპოვეს’“, — დაწერა მან Facebook-ზე.
მეჰდიევას თქმით, დაკავებისას ულვია ალი ძალადობას დაექვემდებარა.
ჟურნალისტის მეგობრებმა ასევე გაავრცელეს მის სახელზე დაწერილი წინასწარ მომზადებული ტექსტი, რომელიც მისი დაკავების შემთხვევაში გამოქვეყნდებოდა:
„თუ ამ ტექსტს კითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ ცილისწამებით და კანონსაწინააღმდეგოდ დამაკავეს ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო. მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი დანაშაული არ ჩამიდენია, უკანონო ფული [როგორც წესი, აზერბაიჯანში ჟურნალისტებს უცხო ქვეყნის ვალუტის კონტრაბანდაში სდებენ ბრალს – უცხო ქვეყნის გრანტის მიღებაში] ქვეყანაში არ შემომიტანია და სხვა რაიმე ქმედებაც არ ჩამიდენია. არანაირი პროფესიული კავშირი არ მაქვს Meydan TV-სთან, მაგრამ თუნდაც მქონდეს, მათთან თანამშრომლობა დანაშაული არ არის. ასევე აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვთანამშრომლობდი „ამერიკის ხმასთან“, — ნათქვამია მის განცხადებაში.
ულვია ალი უკვე მეთერთმეტე ჟურნალისტია, რომელიც „Meydan TV“-ს საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. 2025 წლის 16 იანვარს უკვე დაბარებული იყო ბაქოს პოლიციის მთავარ სამმართველოში და ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ჟურნალისტმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
„Meydan TV“-ს საქმეზე დაპატიმრებულთა სია 2024 წლის 6 დეკემბრიდან დაიწყო, როდესაც ორგანიზაციის თანამშრომლები — რამინ დეკო (ჯაბრაილზადე), აინურ ქენბაროვა (ელგიუნეში), აისელ უმუდოვა, აითაჯ ახმედოვა (თაფდიქი), ხაიალე აღაევა და ნატიგ ჯავადლი დააკავეს. მათ ბრალი ედებათ განზრახ ჯგუფურად ჩადენილ კონტრაბანდაში.