ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში შვიდმა აქტივისტმა იაგუბლუს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო

30 აპრილი, 2025 •
აზერბაიჯანში შვიდმა აქტივისტმა იაგუბლუს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო

აზერბაიჯანული ოპოზიციის შვიდმა აქტივისტმა თოფიგ იაღუბლუსადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო –  წერს ჯემნიუსი.

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა, დაუყოვნებლივ განეხილა ოპოზიციური პოლიტიკოსის, თოფიგ იაგუბლუს დაცვის შუამდგომლობა მისი შინაპატიმრობაში გადაყვანის თაობაზე.

იაგუბლუს მდგომარეობა, რომელმაც პირველი აპრილიდან განუსაზღვრელი ვადით დაიწყო შიმშილობა პროტესტის ნიშნად მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გამო, კვლავ მძიმე რჩება.

პარტია „მუსავათიდან“ ნატიგ ისრაფილმა, აზერბაიჯანის დემოკრატიული კეთილდღეობის პარტიიდან ჰუსეინ მალიქმა, ხოლო სახალხო ფრონტის პარტიიდან ჯეიჰუნ ნოვრუზოვმა, ზაქარულა ნაგიევმა, ტავაკულ გასანოვმა, ისმაიადდინ გასიმოვმა და როვშან საფაროვმა თოფიგ იაღუბლუსადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს.

ისინი შიმშილობის აქციას ბაქოში, პარტია „მუსავათის“ შტაბ-ბინაში ატარებენ. მათი მთავარი მოთხოვნა თოფიგ იაგუბლუსა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა.

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ბაქოს მოუწოდებს, გაათავისუფლოს მოშიმშილე ოპოზიციონერი

სისხლის სამართლის საქმე და პოლიტპატიმრის სტატუსი

თოფიგ იაგუბლუ 2023 წლის 14 დეკემბერს დააკავეს. მას წაყენებული აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: 178.3.2 — თაღლითობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენებით და 320 (და 320.1-320.2) — ოფიციალური დოკუმენტების, ბეჭდების, შტამპების და სიგელების გაყალბება ან მათი გამოყენება.

ბრალდების მიხედვით, იაგუბლუმ გერმანიაში მოქალაქეობის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ ელშენ ჰუსეინოვისგან 25,000 ევრო და 10,000 მანათი აიღო. თავად იაგუბლუ ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ არანაირი თანხა არ მიუღია არცერთი პირისგან. პოლიტიკოსის თქმით, არც ელშენ ჰუსეინოვთან და არც ელნურ მამედოვთან ამ საკითხზე საუბარი არ ჰქონია და აღნიშნულ საქმეში მათი ჩართვა მიზანმიმართული პროვოკაციაა.

წარსული პოლიტიკური დევნა და შიმშილობები

აზერბაიჯანში იაგუბლუ არაერთხელ ყოფილა ადმინისტრაციულ და ხანგრძლივ პატიმრობაში თავისი პოლიტიკური საქმიანობის გამო.

2013 წელს დააპატიმრეს ისმაილლის პროტესტების ორგანიზების ბრალდებით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2017 წელს პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა.

2020 წელს “ხულიგნობის” ბრალდებით დააკავეს და მიუსაჯეს 4 წლითა და 3 თვით პატიმრობა. ამ განაჩენის გამოცხადებისთანავე შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 17 დღე გაგრძელდა.

2021 წელს სასამართლომ შიმშილობისა და ზეწოლის ფონზე პატიმრობა პირობითით ჩაანაცვლა.

2025 წლის 10 მარტს კი ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 9 წლით პატიმრობაში დატოვა.

სწორედ ამ უკანასკნელ განაჩენზე პროტესტის ნიშნად თოფიგ იაგუბლუმ შიმშილობა 2025 წლის 1 აპრილს დაიწყო.

აზერბაიჯანის ხელისუფლება კი კვლავ უარყოფს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას და აცხადებს, რომ ყველა პატიმარი მათი მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის იდევნება და არ არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი