ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ბაქოს მოუწოდებს, გაათავისუფლოს მოშიმშილე ოპოზიციონერი

28 აპრილი, 2025 •
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ბაქოს მოუწოდებს, გაათავისუფლოს მოშიმშილე ოპოზიციონერი

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ოპოზიციური პარტია “მუსავათის” და დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს წევრი თოფიგ იაგუბლუ, რომელიც ციხეში შიმშილობს [26 -დღიანი შიმშილობის ფონზე ჯამრთელობის მდგომარეობის გამო ის  უკვე კლინიკაში გადაიყვანეს].

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისი ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის, ასაკის და ათწლეულების მანძილზე არსებული არაძალადობრივი აქტივიზმის გათვალისწინებით, იაგუბლუს გათავისუფლება იქნებოდა ჰუმანიტარული აქტი, რომელიც ღავიდან აარიდებდა სიტუაციის ტრაგედიით დასრულებას.

„მისი შიმშილობის თითოეული დღე ერთი ნაბიჯით აახლოვებს ჯანმრთელობის შეუქცევად პრობლემებთან — მისი ჯანმრთელობა საფრთხეშია“, — ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ადასტურებს თოფიგ იაგუბლუს პოლიტიკური პატიმრის სტატუსს.

25 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გერმანელმა დეპუტატმა ფრანკ შვაბემ ასევე მოითხოვა თოფიგ იაგუბლუს გათავისუფლება.

„თოფიგ იაგუბლუ არის განსაკუთრებით სამწუხარო მაგალითი აზერბაიჯანში მზარდი თვითნებობისა. ის უსამართლოდ დააკავეს. მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, — განაცხადა შვაბემ.

სისხლის სამართლის საქმე და პოლიტპატიმრის სტატუსი

თოფიგ იაგუბლუ 2023 წლის 14 დეკემბერს დააკავეს. მას წაყენებული აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: 178.3.2 — თაღლითობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენებით და 320 (და 320.1-320.2) — ოფიციალური დოკუმენტების, ბეჭდების, შტამპების და სიგელების გაყალბება ან მათი გამოყენება.

ბრალდების მიხედვით, იაგუბლუმ გერმანიაში მოქალაქეობის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ ელშენ ჰუსეინოვისგან 25,000 ევრო და 10,000 მანათი აიღო. თავად იაგუბლუ ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ არანაირი თანხა არ მიუღია არცერთი პირისგან. პოლიტიკოსის თქმით, არც ელშენ ჰუსეინოვთან და არც ელნურ მამედოვთან ამ საკითხზე საუბარი არ ჰქონია და აღნიშნულ საქმეში მათი ჩართვა მიზანმიმართული პროვოკაციაა.

წარსული პოლიტიკური დევნა და შიმშილობები

აზერბაიჯანში იაგუბლუ არაერთხელ ყოფილა ადმინისტრაციულ და ხანგრძლივ პატიმრობაში თავისი პოლიტიკური საქმიანობის გამო.

  • 2013 წელს დააპატიმრეს ისმაილლის პროტესტების ორგანიზების ბრალდებით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

  • 2017 წელს პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა.

  • 2020 წელს “ხულიგნობის” ბრალდებით დააკავეს და მიუსაჯეს 4 წლითა და 3 თვით პატიმრობა. ამ განაჩენის გამოცხადებისთანავე შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 17 დღე გაგრძელდა.

  • 2021 წელს სასამართლომ შიმშილობისა და ზეწოლის ფონზე პატიმრობა პირობითით ჩაანაცვლა.

  • 2025 წლის 10 მარტს კი ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ  9 წლით პატიმრობაში დატოვა.

სწორედ ამ უკანასკნელ განაჩენზე პროტესტის ნიშნად თოფიგ იაგუბლუმ შიმშილობა 2025 წლის 1 აპრილს დაიწყო.

აზერბაიჯანის ხელისუფლება კი კვლავ უარყოფს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას და აცხადებს, რომ ყველა პატიმარი მათი მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის იდევნება და არ არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი