ორშაბათს ესპანეთსა და პორტუგალიაში, ასევე საფრანგეთის ნაწილში ელექტროენერგია ფართომასშტაბიანად გაითიშა, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი ტრანსპორტის, ინტერნეტისა და ყოველდღიურობისთვის საჭირო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მიუთითებს ევროპის ელექტროქსელთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის შემდეგ მადრიდში დაიხურა ბარახასის და ლისაბონის უმბერტო დელგადოს საერთაშორისო აეროპორტები, ასევე დაზარალდა ტელეკომუნიკაციები. ორივე ქვეყნის მცხოვრებლები ამბობენ, რომ არ აქვთ წვდომა მობილურ ქსელებზე. ევროპის თითქმის ყველა ქალაქიდან შეწყდა ფრენები ესპანეთისა და პორტუგალიის მიმართულებით.
Euronews Portugal-ის ცნობით, ესპანეთისა და პორტუგალიის დედაქალაქების მეტროებში უამრავი მგზავრი დარჩა, მატარებლები კი სადგურებს შორის გვირაბებში გაიჭედა, რის შემდეგაც მთავრობებს ხალხის ევაკუაცია მოუწიათ. ელექტროენერგიის გათიშვამ ასევე იმოქმედა საავადმყოფოებზე, მათ შორის მადრიდის ლა-პასსა და პორტუგალიის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაზე, რომელთაგან ზოგიერთს ოპერაციების გაუქმება მოუწია.
Euronews Spain-ის ცნობით, ესპანეთის მთავრობამ მონკლოაში საგანგებო სხდომა მოიწვია და სიტუაციის განვითარებას აკვირდებიან. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ეწვია Red Electrica-ს, ესპანეთის ელექტროქსელის მმართველ კომპანიას.
„ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად… სისტემის ფუნქციონირების აღსადგენად არსებობს პროტოკოლები“, – განაცხადა ევროკომისიამ და აღნიშნა, რომ ესაუბრა როგორც ესპანეთის, ისე პორტუგალიისა და საფრანგეთის მთავრობებს.
შემდგომში ესპანეთის პრემიერმა სანჩესმა თქვა, რომ ესპანეთის ჩრდილოეთით და სამხრეთით ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია აღდგა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს, რომ კიბერშეტევის „არანაირი ნიშანი“ არ არსებობს.
ზემოაღნიშნული ქვეყნების ხელისუფლებების ცნობით, ელექტროენერგიის გათიშვის ზუსტი მიზეზი კვლავ უცნობია.