დღეს სომხეთში და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სომეხი ერი გენოციდის 110-ე წლისთავს აღნიშნავს.
ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს მომხდარ მოვლენებს სომხეთის სახელმწიფო გენოციდს უწოდებს. სომხეთის გარდა, გენოციდს სხვადასხვა ფორმით აღიარებს დაახლოებით 30 სახელმწიფო.
2021 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომეხთა ხოცვა-ჟლეტის ხსოვნის დღისადმი მიძვნილ ტექსტში აღიარა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე მოვლენები, როგორც გენოციდი.
გენოციდის ფაქტს არ აღიარებს და ტრადიციულად უარყოფს თურქეთის სახელმწიფო, რომელსაც მხარს უჭერს აზერბაიჯანი.
საქართველოს აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით აქვს არადეკლარირებული, ნეიტრალური პოზიცია.
“დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ სომხური გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას — იმ ადამიანებს, რომლებიც 1915 წლიდან დაწყებული ხოცვა-ჟლეტის და მასობრივი დეპორტაციის მსხვერპლნი გახდნენ. ეს მოვლენები, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის არსებობის ბოლო ეტაპზე განვითარდა, ღრმა კვალს ტოვებს ყოველი სომეხის სულსა და გონებაში. სომხეთის მრავალი მოქალაქისთვის გენოციდი არ არის მხოლოდ ეროვნული, არამედ საოჯახო და პირადი ტრაგედიაც.
ამ ტრაგედიის გადატანა ჩვენს ეროვნულ დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება უკვე ას წელზე მეტია — მიუხედავად იმისა, როგორ ფორმულირდება ის.
მთავრობისა და ჩემი პირადი მიდგომა ამ დღის წესრიგთან დაკავშირებით ასე ჟღერს: განვითარებული, სუვერენული, უსაფრთხო — დემარკირებული და განსაზღვრული საზღვრების მქონე — სომხეთის რესპუბლიკა არის გზა სომხური გენოციდის ტრაგედიის გადატანისთვის. ეს არის ჩვენი ერთგულების გარანტი იმ მსხვერპლების მიმართ, ვინც დაეცა და ვინც ჩვენ ვართ. სახელმწიფო და სახელმწიფო ინტერესები, საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიების მქონე სომხეთის რესპუბლიკა, მეზობლებთან დარეგულირებული ურთიერთობები, გახსნილი საზღვრები, მშვიდობა, სამუშაო, კეთილდღეობა, თავისუფალი და დაცული მოქალაქე — აი, რა უნდა იყოს და როგორ უნდა შევინახოთ სომხური გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნა. ასე უნდა გადავიტანოთ ეს ტრაგედია”, – ასე გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ- მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღევანდელ დღეს.