დავით დოიაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მისი ახალი თეატრიდან გათავისუფლების შესახებ ფეისბუკიდან შეიტყო. რეჟისორმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი არ არის, თუმცა მისმა მეგობარმა აჩვენა ტვ იმედის საინფორმაციო ქარდი (ბარათი), რომელიც მისი გათავისუფლების შესახებ იტყობინებოდა. ამის შემდეგ კი მეილზეც მიიღო შეტყობინება.
რეჟისორი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება თიკა რუხაძეს არ მიუღია და ის იძულებული გახდა ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის. ყოველ შემთხვევაში, დოიაშვილის თქმით, ასე უნდა, რომ სჯეროდეს.
რეჟისორი ფიქრობს, რომ რუხაძე ბედნიერი არ არის იმ გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელი მოაწერა, უფრო მეტიც, ეს მისთვის”სიკვდილის ტოლფასია” და ის, რომ მანამდე არ მოხსნეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან, სავარაუდოდ, სწორედ ამ მინისტრის დამსახურებაა, რომელიც “წელავდა ამ პროცესს”.
“თიკა რუხაძე, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, [წარსულში] ამ თეატრის დირექტორი იყო, ჩემი მიყვანილია და ვიცნობ. თეატრში ჩვენ ერთად მივედით. წელი ზუსტად არ მახსოვს, 2003-2005 წლებში, მაშინ მას მუსკომედია ერქვა და ეს იყო აბსოლუტურად დანგრეული თეატრი. მე, ნიკა მემანიშვილი და თიკა რუხაძე ერთად მივედით და თიკა იყო დირექტორი. ის რეფორმები მასთან ერთად არის გატარებული. ის ძალიან კარგი მენეჯერია და მეც მქონდა იმედი, რომ ის იმიტომ დანიშნეს [მინისტრად], რომ კულტურის [სფეროსთან] დაელაგებინა [ურთიერთობები]”, – განაცხადა დოიაშვილმა.
დოიაშვილის თქმით, არ ფიქრობს, რომ თანამდებობიდან მოხსნა დიდი პრობლემაა.
“თქვენ თუ გგონიათ, რომ თანამდებობიდან წასვლა დიდი პრობლემაა, ესაა სწორედ იმ პრიზმიდან დანახვა პროცესების, საიდანაც ისინი იყურებიან. თანამდებობაზე ყოფნა არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა. მე, მაგალითად, დღეს გავიღვიძე და ეგეთი თავისუფლების შეგრძნება პირველად მქონდა, რომ ადამიანებზე ზრუნვა შეიძლება სხვას გადავაბარო. ამაზე დიდი ბედნიერება ცოტა რამეა.
როცა თანამდებობის პირი ხარ, ისეთივე ფუნქციონერი ხარ, როგორც სხვა. მეც ვერ წარმომადგენინა, ამათთან როგორ უნდა მეთანამშრომლა შემდეგში. ხედვები აბსოლუტურად განსხვავებულია”, – განაცხადა დოიაშვილმა.