სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის იდეოლოგიაზე ისაუბრა – რა მიზნის ირგვლივ ფორმირდებოდა სომხეთის დამოუკიდებლობის იდეა 1980-იანი წლების ბოლოს.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, 2024 წლის ანგარიშის განხილვისას, რომელიც ეხება სომხეთის მთავრობის 2021–2026 წლების პროგრამის შესრულებას, პრემიერ-მინისტრმა თქვა:
„სომხეთის დამოუკიდებლობის იდეა 1980-იანი წლების ბოლოს არ წარმოშობილა დამოუკიდებლობისთვის, როგორც ასეთი, არამედ ყარაბაღის საკითხის გადასაწყვეტად.
ჩვენ შევქმენით დამოუკიდებელი სახელმწიფო არა იმისთვის, რომ უკეთესად გვეცხოვრა, არამედ ყარაბაღის გამო. ეს არის პოლიტიკური რეალობა, რომელიც კვლევებითაც დასტურდება. 1989 წელს დამოუკიდებლობის იდეა იმარჯვებდა იმ ფონზე, როდესაც “ყარაბაღის კომიტეტს” დაეკარგა იმედი, რომ ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი იყო საბჭოთა კავშირის სამართლებრივ ჩარჩოებში. როგორც ამ კომიტეტის ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა: დამოუკიდებლობა გვჭირდება იმისთვის, რომ ყარაბაღის საკითხი გადავჭრათ.“
ფაშინიანის თქმით, ამას ამბობს, როგორც ფაქტს:
„რადგან ყველა, ან, ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობა, თანახმა იყო ამ მოდელზე და მიზანზე. მეც თავად ვიყავი სრულად თანხმობაში, ვიდრე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას არ მივიღე წვდომა იმ ფაქტებზე და ინფორმაციაზე, რაც მაჩვენებდა: თუ ჩვენთვის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა წარმოადგენს ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტის საშუალებას (იმ ფორმით, როგორც ამას სომხური მხარე ხედავს), სხვებისთვის – გარე მოთამაშეებისთვის – ყარაბაღის საკითხი არის საშუალება, რათა არ მოგვცენ დამოუკიდებლობის, სახელმწიფოს განვითარების და საბოლოოდ – სომხური სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების შესაძლებლობა.“
მისი თქმით, „ამ მიზნის განხორციელება უკვე დაიწყო 2018 წელს, გადამწყვეტ ფაზაში გადავიდა 2020 წლის სექტემბერში, ხოლო კულმინაციას მიაღწია 2021 წლის მაისში. ამ მიზანს ჰყავს თანამონაწილეებიც სომხეთში – ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მთავარი ყარაბაღის საკითხია და არა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა.“
2024 წლის პირველი იანვრიდან, 2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო, არცახის რესპუბლიკამ [თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა] არსებობა შეწყვიტა.
მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა, “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით, 2023 წლის 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.