თუ ინგლისურს სწავლობ, ალბათ შენთვისაც ნაცნობია ეს მომენტი: კითხულობ, უსმენ, თითქოს ყველაფერი გესმის (ნუ, ნაწილი მაინც), მაგრამ როცა საქმე ლაპარაკზე მიდგება, საჭირო სიტყვებს ვერასდროს პოულობ. ან კიდევ, სწავლობ ახალ სიტყვებს, მაგრამ რამდენიმე დღეში უკვე აღარ გახსოვს. მარტო არ ხარ! ეს ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა, მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ გამოსავალი არსებობს.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ ყველაზე ეფექტურ თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარება ინგლისური სიტყვების ადვილად დამახსოვრებაში და ასევე გაგაცნობთ მობილურ აპლიკაციებს, რომლების გარეშეც ცხოვრების გაგრძელება გაგიჭირდება!
სიტყვების დამახსოვრების ეფექტური მეთოდები
- მეხსიერების ბარათები (flashcards)
ეს კლასიკური მეთოდი კვლავ ძალიან ეფექტურია. გირჩევთ, რომ სიტყვების vocabulary ბლოკნოტი მთლიანად ჩაანაცვლო ბარათებით. ეს მეთოდი ბლოკნოტთან შედარებით უფრო ეფექტურია, რადგან გაძლევს სიტყვების დახარისხების საშუალებას, დამახსოვრებული სიტყვები გადაგაქვს ცალკე დასტაში, ის სიტყვები კი რომლებსაც ჯერ კიდევ სწავლობ, ცალკე დასტაში გაქვს. ასევე შეგიძლია თემატური დასტები გააკეთო. ბარათის ერთ მხარეს დაწერე ინგლისური სიტყვა, მეორეზე – თარგმანი ან განმარტება. ბარათებს პერიოდულად ატრიალებ და ცდილობ გამოიცნო, რა წერია მეორე მხარეს.
თუ უკვე სრულიად გაელექტრონულებული ადამიანი ხარ და კალამი ხელში დიდი ხანია არ გჭერია, მაშინ ბარათების აპლიკაციები შენთვისაა შექმნილი. არსებობს აპები, სადაც მზა დასტებია შენთვის შექმნილი და არსებობს ისეთებიც, სადაც შენს გემოზე ქმნი დასტებს. საუკეთესო მობილურ აპლიკაციებზე ცოტა ქვემოთ ნახავ რჩევებს.
რჩევა: არ შემოიფარგლო მხოლოდ სიტყვა-თარგმანით. წინადადებაში გამოყენება გაცილებით ეფექტურია! შეგიძლია დაამატო მაგალითი წინადადება, სინონიმები, ან თუნდაც პატარა ნახატი ასოციაციისთვის.
- კონტექსტში სწავლა
სიტყვებს გაცილებით უკეთ იმახსოვრებ და იყენებ, როცა მათ კონტექსტში სწავლობ. ცალკეული სიტყვის დაზეპირების ნაცვლად, დაიმახსოვრე ფრაზები ან მთლიანი წინადადებები, სადაც ეს სიტყვა გამოიყენება. ეს გეხმარება სიტყვის მნიშვნელობის, გრამატიკული ფორმისა და ტიპური გამოყენების ერთდროულად ათვისებაში. კარგი ინგლისური ლექსიკონები ყოველთვის გვთავაზობს მაგალით წინადადებებს.
- მნემონიკა
ეს არის ასოციაციების შექმნის მეთოდი. ახალ, უცხო სიტყვას აკავშირებ რაიმე ნაცნობთან, სასაცილოსთან ან ადვილად წარმოსადგენთან. მაგალითად, სიტყვა “listen” (მოსმენა). შეიძლება დააკავშირო “ლისის ტბასთან”. წარმოიდგინე, რომ ლისის ტბასთან ზიხარ და ყურადღებით უსმენ ბუნების ხმებს.
რჩევა: რაც უფრო კრეატიული, სასაცილო, უცნაური ან თუნდაც აბსურდული იქნება შენი ასოციაცია, მით უფრო ადვილად დაგამახსოვრდება! ნუ შეგეშინდება ექსპერიმენტების. მთავარია, შენთვის იმუშაოს.
- ინგლისურად ფიქრის დაწყება (ინგლისურ-ინგლისური ლექსიკონები)
იმისთვის, რომ მუდმივად არ თარგმნო გონებაში და პირდაპირ ინგლისურად იაზროვნო, ეცადე, ახალი სიტყვები ისწავლო არა ქართული თარგმანით, არამედ ინგლისური განმარტებით. ეს თავიდან შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ეხმარება ტვინს, პირდაპირი კავშირები დაამყაროს ცნებებსა და ინგლისურ სიტყვებს შორის. გამოიყენე ენის შემსწავლელებისთვის განკუთვნილი ლექსიკონები (Oxford Learner’s, Cambridge, Merriam-Webster), რომლებიც სიტყვებს მარტივი ინგლისურით განმარტავენ. მოერიდე ინგლისურ-ქართულ ლექსიკონებს და დაივიწყე Google Translate-ის არსებობა.
- “Use it or Lose it” (გამოიყენე ან დაკარგავ)
ახალნასწავლი სიტყვები მეხსიერებაში რომ “ჩაგიჯდეს”, აქტიურად უნდა გამოიყენო. როგორც კი ახალ სიტყვას ისწავლი, ეცადე, რაც შეიძლება მალე გამოიყენო რეალურ საუბარში. თუ საუბრის საშუალება არ გაქვს, ხშირად წარმოთქვი ხმამაღლა, თუნდაც საკუთარ თავთან. საუბრის პრაქტიკისთვის შეგიძლია გამოიყენო სპეციალური სასაუბრო კურსები (ქვემოთ ნახავ ინფორმაციას “ბექას სკოლის” სასაუბრო კურსის შესახებ). თუ ამის საშუალება არ გაქვს, შეიძლება სცადო პლატფორმები სადაც პოულობ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც შეგიძლია ესაუბრო ინგლისურად (HelloTalk, Tandem).
ინტერვალური გამეორების ალგორითმი (SRS)
რატომ გვავიწყდება ახალი სიტყვები ასე მალე? ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ იშვიათად გამოყენებულ ინფორმაციას უსარგებლოდ მიიჩნევს და შლის. ამას “დავიწყებადობის მრუდი” ჰქვია: აღმოჩნდა, რომ ახალი ინფორმაციის დაახლოებით 50% ერთ დღეში გვავიწყდება, 90% კი – ერთ კვირაში!
სწორედ ამ პრობლემას ებრძვის ინტერვალური გამეორების სისტემა (SRS – Spaced Repetition System). ეს სისტემა გულისხმობს სიტყვების გამეორებას ჭკვიანურად დაგეგმილი, მზარდი ინტერვალებით. როცა სიტყვას იმეორებ, ტვინი იღებს სიგნალს: “აჰა, ეს ისევ შემხვდა, ალბათ მნიშვნელოვანია!”. ყოველი ასეთი გამეორება “დავიწყებადობის მრუდს” ასწორებს, ანუ სიტყვა უფრო ნელა გავიწყდება. რამდენიმე, სწორ ინტერვალებში გამეორების შემდეგ, ტვინი საბოლოოდ ხვდება, რომ ეს ინფორმაცია ნამდვილად გჭირდება და მას გრძელვადიან მეხსიერებაში ინახავს. ასე სიტყვა უკვე მყარად ჯდება შენს გონებაში. ეს ჭკვიანი ალგორითმები ჩაშენებულია ბევრ თანამედროვე სასწავლო აპლიკაციაში.
საუკეთესო მობილური აპლიკაციები
საბედნიეროდ, აღარ გვიწევს ბარათების ხელით ჭრა ან გამეორების გრაფიკის თავად შედგენა (თუმცა ესეც შესაძლებელია!). თანამედროვე აპლიკაციები გვეხმარებიან ინტერვალური გამეორების (SRS), ბარათების მეთოდის და სხვა ტექნიკების მარტივად და ეფექტურად გამოყენებაში. მოდი, ვნახოთ რამდენიმე პოპულარული და საინტერესო ვარიანტი:
- Cambridge Dictionary +Plus
ეს არის კემბრიჯის ცნობილი ლექსიკონის გაფართოებული ვერსია (აპლიკაცია/ვებგვერდი), რომელიც ლექსიკონის ფუნქციებს სწავლის ინსტრუმენტებს უმატებს.
- უპირატესობები: ერთ-ერთი ყველაზე სანდო ლექსიკონი უამრავი მაგალითით, ლექსიკონიდან სიტყვების პირდაპირ შენს სიებშეი დამატების და ქვიზების შექმნის შესაძლებლობა.
- ნაკლოვანებები: უპირველესად ლექსიკონია, არ აქვს ინტერვალური გამეორების ალგორითმი, ნაკლებად აქვს თამაშის და გართობის ელემენტები, როგორც სხვა აპლიკაციებს (Memrise, Quizlet, Knowt).
- Anki
ძალიან ძლიერი, მოქნილი და პოპულარული ინტერვალური გამეორების (SRS) პროგრამა, რომელიც ღია კოდს ეფუძნება. ბარათების და SRS სისტემის მოყვარულებისთვის Anki უპირველესია.
- უპირატესობები: ძალიან ეფექტური SRS ალგორითმი, დეტალური ბარათების შექმნის (ტექსტი, სურათი, აუდიო) და სწავლის პროცესის მორგების საშუალება, დიდი მომხმარებელთა ბაზა (მზა დასტები).
- ნაკლოვანებები: რთული ინტერფეისი დამწყებთათვის, მოძველებული დიზაინი.
- Memrise
Memrise არის ენების შესწავლის პოპულარული პლატფორმა, რომელიც იყენებს SRS სისტემას, ვიდეოებს და მნემონიკას.
- უპირატესობები: სახალისო, ინტერაქტიული სწავლა, native speaker ვიდეოები, მნემონიკის გამოყენება, მზა კურსების დიდი არჩევანი.
- ნაკლოვანებები: ზოგჯერ ერთფეროვანი სავარჯიშოები, ბევრი ფუნქცია ფასიანია, Android ვერსია ოფიციალურად არაა ხელმისაწვდომი საქართველოში.
- Quizlet
ძალიან პოპულარული და მარტივი აპლიკაცია ბარათების (flashcards) შესაქმნელად და სასწავლად, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სწავლის რეჟიმებს.
- უპირატესობები: მარტივი ინტერფეისი, მრავალფეროვანი სწავლის რეჟიმები (ტესტები, თამაშები), მომხმარებლების მიერ შექმნილი მილიონობით მზა ნაკრები.
- ნაკლოვანებები: არ აქვს ინტერვალური გამეორების ალგორითმი (SRS), მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტის ხარისხი ცვალებადია, ბევრი ფუნქცია ფასიანია.
- Knowt
შედარებით ახალი აპლიკაცია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებს PDF ფაილებიდან, შენი ჩანაწერებიდან ან თუნდაც YouTube ვიდეოებიდან ელექტრონული ბარათების, ქვიზების და ნოუთების ავტომატურად შესაქმნელად. ასევე იყენებს SRS სისტემას.
- უპირატესობები: აქვს ინტერვალური გამეორების ალგორითმი (SRS), AI ზოგავს დროს მასალის შექმნაზე, თამაშის ელემენტები, Quizlet-ის კარგი უფასო ალტერნატივა (ბევრი რეჟიმი ხელმისაწვდომია უფასოდ).
- ნაკლოვანებები: ახალია (ნაკლები კონტენტი, თუმცა Quizlet-ის იმპორტი შესაძლებელია), შესაძლოა ჰქონდეს მცირე ხარვეზები.
სიტყვებიდან თავდაჯერებულ საუბრამდე: სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი “ბექას სკოლაში”
თუ გრძნობ, რომ ინგლისური გარკვეულ დონეზე იცი, მაგრამ პრაქტიკის ნაკლებობის გამო საუბარი გიჭირს, საჭირო სიტყვებს ვერასდროს იხსენებ და გჭირდება გარემო, სადაც ნასწავლს აქტიურად გამოიყენებ, მაშინ “ბექას სკოლის” სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი არის ის, რაც გჭირდება.
- მიზანი: კურსი ორიენტირებულია სიტყვების მარაგის გამდიდრებაზე, პასიური ლექსიკის გააქტიურებაზე და საუბრის კომპლექსის მოხსნაზე.
- მასწავლებლები: გაკვეთილებს ატარებენ მხოლოდ Native Speaker მასწავლებლები (აშშ, ბრიტანეთი, სამხრეთ აფრიკა), რაც საუბრის კომპლექსების მოხსნას უწყობს ხელს.
- სწავლების მეთოდი: მრავალფეროვანი თემატური გაკვეთილები, დისკუსიები, როლური თამაშები, რომლებიც პრაქტიკულ, ყოველდღიურ ლექსიკაზეა (2000+ სიტყვა/ფრაზა თითო დონეზე) ორიენტირებული.
- ინგლისურენოვანი გარემო: სიტყვებს და ფრაზებს ვსწავლობთ ინგლისურად და საუბარიც გაკვეთილზე სრულად ინგლისურად მიმდინარეობს, რაც სტუდენტებს ეხმარება ერთ ენაზე ფუქრის და აზროვნების უნარის განვითარებაში.
- ჭკვიანი დამახსოვრება: კურსი იყენებს თანამედროვე აპლიკაციას ბარათებით (flashcards) და ინტერვალური გამეორების ალგორითმით (SRS). ეს გეხმარებათ გაკვეთილზე ნასწავლი სიტყვების და ფრაზების ეფექტურად და გრძელვადიანად დამახსოვრებაში.
მოკლედ, თუ სწორ მიდგომას აირჩევ და ამ მეთოდებიდან და აპლიკაციებიდან რომელიმეს მაინც დაამუღამებ, ინგლისური სიტყვების დამახსოვრება აღარ იქნება მოსაწყენი და რთული პროცესი! მთავარია, იპოვო შენთვის ყველაზე მოსახერხებელი მეთოდი და იყო თანმიმდევრული!
ყოველი ახალი სიტყვა წინ გადადგმული ნაბიჯია თავისუფალი და თავდაჯერებული საუბრისკენ. შენ ეს ნამდვილად შეგიძლია! წარმატებები!