აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა ირანთან კავშირში მყოფი პირების მიერ ორგანიზებული რაბინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა — ამის შესახებ 5 აპრილს წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post. გამოცემის ცნობით, ეს შემთხვევა ირანის მიერ ორგანიზებული მკვლელობის სქემების ერთ-ერთი ბოლო მაგალითია, რომელიც რეგიონში მზარდ დაძაბულობაზე მიუთითებს.
გამოცემის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა „ამხილა შეთქმულება, რომელიც მიმართული იყო ბაქოში მცხოვრები ებრაელი რელიგიური ლიდერის წინააღმდეგ“. როგორც The Washington Post წერს, სქემა ირანთან აფილირებულ ჯგუფებზე გადიოდა და ის კრიმინალურ დაჯგუფებებს უნდა შეესრულებინათ.
The Washington Post აღნიშნავს, რომ ირანის სადაზვერვო სტრუქტურები, კერძოდ — ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის ელიტარულ ქვედანაყოფში (IRGC), სისტემატურად იყენებდნენ კრიმინალურ შუამავლებს იმ ადამიანების მოსაშორებლად, რომლებიც საფრთხედ აღიქმებიან რეჟიმისთვის. გამოცემის ინფორმაციით, მსგავსი მეთოდით მოქმედებდა ირანი წარსულში თურქეთში, ნიდერლანდებსა და კვიპროსშიც.
გამოცემის ცნობით, ბაქოში დაგეგმილი ტერორისტული აქტის ორგანიზატორები იყვნენ ირანის დაზვერვასთან აფილირებული ჯგუფები, ხოლო პირდაპირი შემსრულებელი, აგილ ასლანოვი საქართველოდან, რომელსაც დავალება მიეცა ებრაელი რელიგიური ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ 200 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ.
“შეთქმულების დასაგეგმად ასლანოვი ირანში შეხვდა „ქუდსის ძალების“ ოპერატორებს. შეხვედრის ორგანიზება მოაწყო ირანელმა კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფმა მოჰამად გოლკარიმ. ბაქოში დაბრუნების შემდეგ, ასლანოვმა ჩაითრია აზერბაიჯანის მოქალაქე ჯეიჰუნ ისმაილოვი და დაიწყო სამიზნის — რაბი სეგალის თვალთვალი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ისინი აგროვებდნენ ინფორმაციას რელიგიური თემის წევრზე და მის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს ირანის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს უგზავნიდნენ”.
ბაქოში მცხოვრები რაბინი — რომლის სახელი უსაფრთხოების მოტივით არ ქვეყნდება — ადგილობრივი ებრაული თემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. The Washington Post ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანი რეგიონის ერთ-ერთი იშვიათი მუსლიმური ქვეყანაა, სადაც ებრაული თემები თავისუფლად არსებობენ და რომელსაც მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები აქვს ისრაელთან.
აშშ-ის ანონიმური ოფიციალური პირების შეფასებით, რომლებსაც ციტირებს The Washington Post, მსგავსი ოპერაციები ირანის მხრიდან მიზნად ისახავს პოლიტიკური დაძაბულობის და შიშის გაღვივებას პარტნიორ ქვეყნებში. ეს არ არის პირველი შემთხვევა — გამოცემის ინფორმაციით, 2023 წელს თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის შემდეგაც ბაქომ ირანი ტერორისტულ ქმედებაში დაადანაშაულა.
სტატიის თანახმად, აშშ-ის ოფიციალური პირები მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ „ირანის მზარდი აგრესიულობა და კრიმინალურ ჯგუფებზე დაყრდნობით მოქმედება“ არა მხოლოდ რეგიონული უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო სტაბილურობისთვისაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის.