„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატის ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულში რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ ბრძანება გამოსცა.
რეორგანიზაცია 3 აპრილიდან დაიწყო, რის შედეგადაც შეიცვლება პარლამენტის აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა.
ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაციის მიზეზი „აპარატის სისტემური, ეფექტიანი მმართველობის“ უზრუნველყოფაა.
პაპუაშვილის ბრძანებით, 3 აპრილიდან რეორგანიზაცია დაიწყო პარლამენტის აპარატის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:
- ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი;
- ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი;
- იურიდიული დეპარტამენტი;
- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი;
- სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
- საორგანიზაციო დეპარტამენტი;
- საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
- საქმისწარმოების დეპარტამენტი;
- მანდატურის სამსახური;
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.
პარლამენტი არ არის პირველი საჯარო უწყება, სადაც რეორგანიზაცია გამოცხადდა. რეორგანიზაციას ამარტივებს „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ბოლოს, დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები.
აღნიშნული ცვლილებები „ოცნებამ“ მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე არაერთი საჯარო მოსამსახურე გაემიჯნა, ბევრმა საჯარო მოსამსახურემ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, გაავრცელა საჯარო განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულებასთან დაკავშირებით.
2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან ასობით საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. ისინი ამ პროცესს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებენ.