ახალი ამბები

კახეთში, პედაგოგიკის კონფერენციაზე, ბავშვი წყალსაცავში ჩავარდა და დაიღუპა

3 აპრილი, 2025 •
კახეთში, პედაგოგიკის კონფერენციაზე, ბავშვი წყალსაცავში ჩავარდა და დაიღუპა

ამონაშვილის აკადემიის ინფორმაციით, გასულ კვირას კახეთში არასრულწლოვანი ბავშვი წყალსაცავში ჩავარდა და დაიღუპა. აკადემიის ინფორმაციით, შემთხვევა პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობისას მოხდა – დაღუპული ბავშვი ერთ-ერთი მონაწილის შვილია. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და საქართველოში სპეციალურად ამ კონფერენციისთვის ჩამოვიდნენ.

“კახეთში, მზიანეთის საგანმანათლებლო ცენტრში, წინა შაბათ-კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენცია. ჩამოსული იყო რამდენიმე ათეული სტუმარი. ესენი იყვნენ პედაგოგები, ფსიქოლოგები და სკოლების ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნიდან […] კონფერენციის მსვლელობის დროს ბავშვი უმეთვალყურეოდ დარჩა და ჩავარდა სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავში”, – ვკითხულობთ ამონაშვილის აკადემიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, კონფერენცია არ იყო ამონაშვილის აკადემიის მიერ ორგანიზებული. თუმცა, აკადემიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც ღონისძიება ტარდებოდა, სწორედ აკადემიას ეკუთვნის: მზიანეთის საგანმანათლებო ცენტრი თელავის რაიონში, სოფელ ბუშეტში მდებარეობს. აკადემიის ვებ-გვერდსა და ფეისბუქგვერდზე ცენტრს “ამონაშვილის კარ-მიდამოდ” მოიხსენიებენ და სხვადასხვა საბავშვო ბანაკებს ატარებენ.

“ნეტგაზეთი” დამატებითი დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა ამონაშვილის აკადემიას, სადაც გვითხრეს, რომ პასუხისმგებელი პირი დღის განმავლობაში გვიპასუხებს კითხვებზე.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყებაში გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, გარემოებების დაზუსტებამდე, გამოძიების ამ მუხლით დაწყება არის სტანდარტული პროცედურა. დეტალების გარკვევის შემდეგ გადაკვალიფიცირდება, ან შეწყდება გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი