ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2025 წლის 2 აპრილის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამ დრომდე მას იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. თანამდებობა იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმაც დატოვა. ის სუს-ის უფროსი გახდა.
2018 წლიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტი სოსო რამიშვილს ეკავა. მან პოსტი გუშინ დატოვა. არც მას და არც ფინანსთა სამინისტროს არ განუმარტავს, რატომ დატოვა თანამდებობა რამიშვილმა.
ირაკლი ბერაია 2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.
პოლიტიკურ საქმიანობამდე მუშაობდა ქართუ ბანკში.
ირაკლი დაჩი ბერაია საზოგადოების ფართო მასებმა ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების ამბით გაიცნო. მათ გამო ქვეყანა 2020 წელს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ვერ გადავიდა.
საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი 2019 წლის ნოემბერში 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩააგდო. ეს ამბავი გასაკვირი იყო, რადგან ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი ბიძინა ივანიშვილი იყო. ერთ-ერთი დეპუტატი, ვინც “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და “ქართული ოცნების” ე.წ. ამბოხებული დეპუტატების წინა რიგებში აღმოჩნდა, ირაკლი (დაჩი) ბერაია იყო. მაშინ ოპოზიციაში გამყარდა აზრი, რომ ივანიშვილი სინამდვილეში მხარს სწორედ ამ ე.წ. ამბოხებულ დეპუტატებს უჭერდა და არა მათ, ვისაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სურდათ.