“მომხმარებლების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ Gastronome-ის ნატურალური რძის პროდუქტები იწარმოება შპს “გეო ინდუსტრიის” კუთვნილ საწარმოში, სამეგრელოს რაიონის სოფელ მენჯში და არ აქვს კავშირი “ყვარლის ბაგასთან”, – ამის შესახებ ნათქვამია Gastronome-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის განცხადებით, Gastronome-სთვის შექმნილი რძის ნაწარმი ნედლი, პასტერიზებული რძისგან მზადდება და თითოეული პროდუქტი 100%-ით ნატურალურია. ფერმის ცხოველები იკვებებიან მხოლოდ ბალახითა და მარცვლეულით, რაც განაპირობებს ჩვენი ნაწარმის გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს. პროდუქცია მდიდარია A, D და B ჯგუფის ვიტამინებით.
“წარმოების პროცესის ყველა ეტაპი – დაწყებული ცხოველების კვებიდან, დასრულებული საბოლოო პროდუქტის დახლზე მოხვედრამდე – მკაცრად კონტროლდება Gastronome-ის ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ.
საწარმო ფლობს HACCP სერტიფიკატს. HACCP-ის პრინციპები მოითხოვს, რომ ორგანიზაციამ ჩამოაყალიბოს შედეგიანი სურსათის უვნებლობის სისტემა. ის მიმართულია არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის კონტროლზე, არამედ ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის წყაროების პრევენციაზე. გაიგე მეტი HACCP/ISO სერტიფიკატის შესახებ”, – აცხადებენ გასტრონომში.
„რადიო თავისუფლების” საგამოძიებო მასალიდან ირკვევა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა” 2018-2020 წლებში ძროხებს ქათმის სკინტლით კვებავდა. სწორედ „ყვარლის ბაგისგან” ყიდულობს რძეს „სანტე”, „სოფლის ნობათი” და „აგროჰაბი”. ასევე, თავად „ყვარლის ბაგის” შვილობილი კომპანია “რძის ლაბორატორია”.
„რადიო თავისუფლება” გამოძიების პროცესში თითოეულ მათგანს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იცოდნენ თუ არა, რომ რძის მიმწოდებელი ძროხების გამოსაკვებად ევროპაში აკრძალულ პროდუქტს, ქათმის სკინტლს იყენებდა. ასევე, ამოწმებდნენ თუ არა მიღებულ პროდუქტს თავად. როგორც საგამოძიებო მასალაში ვკითხულობთ, „სანტემ” მედიის კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. “სოფლის ნობათსა” და “აგროჰაბში” რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ აღნიშნული პერიოდის არქივი არ აქვთ, თუმცა, ჩვეულებრივ, მიღებულ პროდუქციას ამოწმებენ და საკუთარ სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, წარმოებაში არ იღებენ.
“რადიო თავისუფლების” საგამოძიებო მასალა”ბიუ-ბიუს” ქათმის სკინტლით “ყვარლის ბაგის” ძროხების გამოკვებაზე, ბიზნესმენებს შორის ნაკელის გამო დავასა და მოგებულ 4,7 მილიონზე, ასევე რძის პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტებზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.