ახალი ამბები

PHR: ქალებზე ძალადობა არა ცალკეული პოლიციელების დანაშაული, არამედ რეპრესიული სისტემის სტრატეგიული ინსტრუმენტია

30 მარტი, 2025 •
PHR: ქალებზე ძალადობა არა ცალკეული პოლიციელების დანაშაული, არამედ რეპრესიული სისტემის სტრატეგიული ინსტრუმენტია

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას დაკავებისა და პოლიციელების მხრიდან მასზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს. ორგანიზაციის შეფასებით, სამართალდამცავების მხრიდან ქალების ღირსების შემლახავი მოპყრობა არა ცალკეული ინდივიდების დანაშაული, არამედ სისტემური მიდგომაა.

PHR ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბოლო თვეების განმავლობაში არაერთმა ქალმა ისაუბრა პოლიციელების მხრიდან სექსუალური შევიწროებისა და დამამცირებელი მოპყრობის, მათ შორის, იძულებითი, უკანონო გაშიშვლების შესახებ.

“ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და დამამცირებელი მოპყრობის გაზრდილი შემთხვევები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი დაკავებულები არიან ან მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობენ, წარმოადგენს საგანგაშო ტენდენციას […]

ქალთა მიმართ ძალადობა არა მხოლოდ ცალკეული სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულია, არამედ ის პოლიტიკურ კონტექსტში განიხილება, როგორც რეპრესიული სისტემის სტრატეგიული ინსტრუმენტი. იმ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები იყენებენ სექსუალური ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის პრაქტიკას, მათი მიზანი ხშირად არ არის მხოლოდ კონკრეტული პირის დასჯა, არამედ გაცილებით ფართო სოციალური ეფექტის მიღწევა – პროტესტის ჩახშობა, ქალების დაშინება და მათთვის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტიურობის სარისკოდ გამოცხადება.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ სექსუალური შევიწროება და ღირსების შელახვა ხშირად მიზანმიმართულად ხორციელდება ქალ აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ, რაც აჩვენებს, რომ სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია სამართალდამცავი სისტემის პრაქტიკაში მკვიდრდება. ასეთ ვითარებაში პოლიცია კარგავს თავის თავდაპირველ ფუნქციას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციას და მას პოლიტიკური რეჟიმის ინტერესების გამტარ, რეპრესიულ და სადამსჯელო ინსტრუმენტად აქცევს”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

PHR განმარტავს, რატომ არის უკანონო და ადამიანის უფლებების დარღვევა ქალების იძულებითი გაშიშვლება პოლიციის განყოფილებაში. ორგანიზაციის განცხადებაში საუბარია არაერთ საერთაშორისო პრინციპსა და მიდგომაზე, რომელთა დაცვის ვალდებულება საქართველოსაც აქვს აღებული:

  • პოლიციის მიერ ჩხრეკისა და პირადი დათვალიერებისას ადამიანის სრულად გაშიშვლების იძულება წინააღმდეგობაშია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) რეკომენდაციებთან. CPT-ის შეფასებით, იძულებითი გაშიშვლება წარმოადგენს არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი განხორციელება არ შეესაბამება მკაცრ საჭიროებას, არ არის სათანადო კონტროლით რეგულირებული;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ჩხრეკისას დაკავებული პირის სრული გაშიშვლება შეიძლება ჩაითვალოს ღირსების შემლახველ მოპყრობად, თუ იგი არ ეფუძნება მკაფიო სამართლებრივ საფუძვლებს, არ არის პროპორციული და აუცილებელი. სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება შეფასდეს არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად, რაც არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც კრძალავს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.

“დათვალიერება და ჩხრეკა უნდა ჩატარდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და მისი ღირსების პატივისცემის დაცვით. გაშიშვლება დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ამის გარეშე ვერ მიიღწევა ჩხრეკის მიზანი, და ის უნდა ჩატარდეს კონკრეტული პროცედურების დაცვით, რა დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაკავებულის ფსიქოლოგიური და ფიზიკური უსაფრთხოება, მისი ღირსების და პატივის დაცვა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც 28 მარტს, პარლამენტთან დააკავეს, პოლიციის მხრიდან ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობს. როგორც ელენე ხოშტარია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში წერს, მას პოლიციელებმა ჯერ სახეში მიაყენეს დაზიანება, შემდეგ კი იზოლატორში გააშიშვლეს.

შსს ირწმუნება, რომ ხოშტარიას მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები, რაც აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი