პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ, 28 მარტს, პარლამენტთან დააკავეს, პოლიციის მხრიდან ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობს.
როგორც ელენე ხოშტარია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში წერს, მას პოლიციელებმა ჯერ სახეში მიაყენეს დაზიანება, შემდეგ კი იზოლატორში გააშიშვლეს.
„ყოველთვის ვერიდები ჩემი პირადი ემოციების ან შემთხვევების საზოგადოებისთვის თავს მოხვევას. განსაკუთრებით, როდესაც უამრავი ახალგაზრდაა რეჟიმის და წამების მსხვერპლი.
ამასთანავე, ამჯერად გადავწყვიტე, გაგიზიაროთ, ჩემი დაკავების დროს ჩადენილი დანაშაული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, მე თუ ასე მომექცნენ, უამრავ ადამიანს კიდევ უფრო უარესად შეიძლება მოეპყრონ. ეს არც სიახლეა და არც გასაკვირი, თუმცა, ასეთ შემთხვევებში, საჯაროდ საუბარი სოლიდარობა და ერთმანეთის დაცვა არის ბრძოლის იარაღი.
მოკლედ, დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში (რამიშვილზე „შუშებიანში“), პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა, მას შემდეგ, რაც თანამშრომლობაზე ვუთხარი უარი, ზურგისკენ ხელები ბორკილებით მჭიდროდ შემიკრეს. შემდეგ ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა ყბებზე და კბილებზე მომაყენეს დაზიანება. არ შეგარცხვინეთ მეგობრებო, „ოლე, ოლას“ სიმღერით მაგრად ვაწვალე და ვერც ვერაფერი დამაკლეს.
კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით, ისევ უკან შემიკრეს ხელები. ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს. ეს ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკა არის ადამიანის ღირსების შელახვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის უღირსი რუსული საძაგელი მეთოდი.
აქაც მაგრად ვაწვალე, მაგრამ წარმოვიდგინე ყველა ის დაუცველი და გამოუცდელი ადამიანი, ვინც ამათ ხელში ვარდება. ზოგს ამაზე საუბრის ეშინია, ზოგს რცხვენია. ცხადია, სენსიტიურია ამ დეტალებზე საუბარი. თუმცა, აუცილებელია ვისაუბროთ, ბოლომდე მივყვეთ, დავსაჯოთ და აღმოვფხვრათ ადამიანის მიმართ ასეთი მოპყრობა.
კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენი პრობლემის ფონზე, ჩემს თავზე გესაუბრებით, მაგრამ ჩავთვალე, რომ საქმეს ასე სჭირდება და ჩემს პირად დისკომფორტს გადავაბიჯე.
კარგად ვარ, მე რა მიჭირს, რამდენი უდანაშაულო ადამიანია გამომწყვდეული ციხეში თვეებია.
მადლობა მხარდაჭერისთვის!“, – წერს ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარია 28 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, სადაც მოქალაქეები „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოკითხვას აპროტესტებდნენ.
ელენე ხოშტარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც წვრილმანი ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.