პარლამენტთან რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. მათ შორის, პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია.
დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის ამ წუთებშიც [20:25] დაპირისპირებაა.
მოქალაქეები თავდაპირველად შეკრებილი იყვნენ 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან. ისინი პროტესტს გამოხატავდნენ “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის მიმართ, რომელიც რამდენიმე დღეა აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხებს იძიებს. დემონსტრანტების შეფასებით, კომისია ცდილობს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებას, რითაც შეურაცხყოფს ომში მებრძოლ და დაღუპულ გმირებს.
9 აპრილის ქუჩაზე იმყოფებოდა ელენე ხოშტარიაც. პოლიციელები მას გადაადგილებას უზღუდავდნენ. კამათის შემდე ის ძალით გადაიყვანეს ტროტუარზე. ელენე ხოშტარია ზებრა გადასასვლელამდე მივიდა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან პარლამენტამდე გადასვლა სცადა, რისი საშუალებაც, ასევე, არ მისცეს. საბოლოოდ, ის დააკავეს.
ამის შემდეგ მოქალაქეებმა რუსთაველის გადაკეტვა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციელებმა დააკავეს რამდენიმე ადამიანი. ადგილზე მყოფი “ნეტგაზეთს” ჟურნალისტის ინფორმაციით, დაპირისპირებისას ჩაიმტვრა პოლიციის მანქანის შუშა. სავარაუდოდ – მძიმე საგნის სროლის შედეგად.