სტამბოლის ოპოზიციის მიერ მართულმა მუნიციპალურმა საბჭომ ქალაქის დროებითი მერი აირჩია.
მერის მოვალეობის შემსრულებელი “სახალხო რესპუბლიკური პარტიის” წევრი ნური ასლანი იქნება, რომელიც დაკავებული მერის, ექრემ იმამოღლუს ვადის ამოწურვამდე შეასრულებს აღნიშნულ მოვალეობას.
ამაზე ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა.
უფრო ზუსტად, ოთხშაბათს, 26 მარტს, სტამბოლის 314-წევრიანმა საბჭომ, რომელშიც უმრავლესობა ოპოზიციურ “სახალხო რესპუბლიკურ პარტიას” აქვს, 177 ხმით აირჩია ნური ასლანი, როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელი.
სტამბოლის ოპოზიციონერი მერი ექრემ იმამოღლუ, რომელიც ერდოღანის მთავარი კონკურენტია, რესპუბლიკური სახალხო პარტიის პრაიმერიზამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს.
მას კორუფციას ედავებიან. იმამოღლუ ბრალდებებს უარყოფს. პრეზიდენტი ერდოღანი კი აცხადებს, რომ იმამოღლუ და მისი პარტია ქვეყანაში მშვიდობის მტრები არიან და ხალხის პოლარიზებას ცდილობენ.
ოპოზიციონერი კანდიდატის დაპატიმრებას თურქეთში პროტესტის ტალღა მოჰყვა. პროტესტის დასაშლელად თურქმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები არაერთხელ გამოიყენეს. პროტესტის დროს, ჯამში, 1400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
დაკავებამდე ერთი დღით ადრე სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რითაც ფაქტობრივად მოახდინა პოპულარული ოპოზიციური ფიგურის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დისკვალიფიკაცია.
თურქეთში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, თუმცა შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც.