სინდისის პატიმარი ირაკლი ქერაშვილი ციხიდან ქართველი ქალების მისამართით წერილს გზავნის, განსაკუთრებულად გამოყოფს ემიგრანტ ქალებს, რეჟიმის ტყვე მზია ამაღლობელს და აღნიშნავს, რომ საზოგადოების წინააღმდეგობისა და პროტესტის მთელ ამ პროცესში ყოველთვის ქალების იმედი უფრო ჰქონდა.
თავად ირაკლი ქერაშვილის დედა ემიგრანტია, რომელმაც შვილის პროცესზე დასასწრებად მცირე ხნით შეძლო საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ, გუშინ, 25 მარტს, ქალს შვილის პროცესზე დასწრების საშუალება ვითარების გათვალისწინებით და გამონაკლისის წესითაც კი არ მისცა იმ საბაბით, რომ სხდომა დახურულია. მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენეს ადვოკატებმა და წინააღმდეგობა არ ჰქონიათ არც პროკურორებს.
ბრალდებულებს შორის გაჩნდა ინიციატივა, რომ ქერაშვილის დედა დარბაზში ლიმიტირებული დროით შეეშვათ. ასევე, გამოეცხადებინათ შესვენება და ამ დროს შემოსულიყო დედა დარბაზში. თუმცა მოსამართლემ ყველა შესაძლო ალტერნატივა უარყო და საკითხზე მსჯელობა შეწყვიტა. ირაკლი ქერაშვილის დედამ საქართველო უკვე დატოვა. მას ციხეში პაემნის ფორმატშიც არ მიეცემა შვილის ნახვის შესაძლებლობა.
ირაკლი ქერაშვილის წერილს ქართველი ქალებისადმი ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა დავიწყო მადლობით! მადლობა ქართველ ქალებს, დედებსა და დებს!
მადლობა, მხარდაჭერა და სოლიდარობა სინდისის პატიმარ, ძლიერ და გაუტეხელ ქალს, მზია ამაღლობელს!
„გავრილოვის ღამიდან“ მოყოლებული, არაერთგზის მითქვამს ეს სიტყვები: „ამ პროცესში ქალების იმედი უფრო მაქვს.“ ჯერ კიდევ გნეუს პომპეუსის ლაშქრობის დროინდელ ისტორიულ წყაროებში ვხვდებით ამბავს, თუ როგორ შეუპოვრად იბრძოდნენ „ქართველი ამორძალები“. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე! რუსთაველი ტყუილად არ წერს: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.“
არაერთხელ ვიყავი ქალების მარშის მონაწილე და მინდა გითხრათ, რომ ვამაყობ თქვენით! დღეს უშიშარ ქალთა, დედათა, დათა და ცოლთა წვლილი ჩვენს ბრძოლაში უაღრესად დიდია!
არ შემიძლია, არ შევეხო იმ უძლიერეს ემიგრანტ დედებს, რომელნიც გადახვეწილნი არიან შორს სამშობლოსგან და ოჯახებისგან, რათა უზრუნველყონ მათი შვილები და ოჯახები. ქვეყნის ეკონომიკაც მათზე დგას! თქვენ გმირი დედები ხართ, როგორც დედაჩემი!
მე ვიცი, რომ სულ მალე ჩვენ ერთად ავაშენებთ ისეთ საქართველოს, როგორც ვოცნებობთ! თქვენ, ქართველი ქალები ჩვენი დროის მარო მაყაშვილები ხართ! და ეს ფაქტი მე მარწმუნებს, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!!!
პატივისცემით,
თქვენი თანამებრძოლი ირაკლი ქერაშვილი“
29 წლის ექიმი, ირაკლი ქერაშვილი 6 დეკემბერს დააკავეს ქუჩაში. ბრალდებულია ჯგუფური ძალადობის საქმეზე ანდრო ჭიჭინაძესთან, ონისე ცხადაძესთან, რეზო კიკნაძესთან, ჯანო არჩაიასთან, გურამ მირცხულავასთან, ლუკა ჯაბუასთან, ვალერი თეთრაშვილთან, გიორგი ტერიშვილთან, რუსლან სივაკოვთან და სერგი კუხარჩუკთან ერთად.
„სამწუხაროდ, სასამართლომდე ამ ფანტასტიკურ ადამიანებს არ ვიცნობდი. ბრალდება დამნაშავეებს გვიწოდებს, მაგრამ მინდა მოგახსენოთ, რომ ვარ ექიმი, სისხლის უანგარო დონორი, და ყოველთვის მაბედნიერებდა ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე ზრუნვა. მადლობას გიხდით, რომ ეს ფანტასტიკური ადამიანები გამაცანით”, — თქვა ერთ-ერთ პროცესზე ირაკლი ქერაშვილმა.