ახალი ამბები

რადიო თავისუფლება აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს სასამართლოში უჩივის

19 მარტი, 2025 •
რადიო თავისუფლება აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს სასამართლოში უჩივის

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ (RFE/RL) აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) სასამართლოში უჩივის, რათა დაბლოკოს სააგენტოს მიერ მედიისთვის ფედერალური გრანტის შეწყვეტის მცდელობა.

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ (RFE/RL) ასევე უჩივის USAGM-ის წარმომადგენლებს, კარი ლეიკსა და ვიქტორ მორალესს.

საჩივარში, რომელიც RFE/RL-მ აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოში შეიტანა, მედია ამტკიცებს, რომ „რადიო თავისუფლების“ იმ თანხებზე უარის თქმა, რომელიც კონგრესმა მისთვის გამოყო, არღვევს ფედერალურ კანონებს, მათ შორის აშშ-ს კონსტიტუციას, რომელიც კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ფედერალურ ხარჯებზე.

„ამერიკის მოწინააღმდეგეების პროპაგანდისა და ცენზურისთვის დათმობის დრო არ არის. ჩვენ გვჯერა, რომ კანონი ჩვენს მხარესაა და ჩვენი დაღუპვის აღნიშვნა მთელ მსოფლიოში დესპოტების მიერ ნაადრევია“, – განაცხადა „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ კაპუსმა.

14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა ბრძანება მთავრობის მიერ დაფინანსებული 7 ფედერალური სააგენტოს შემცირების შესახებ. მათ შორისაა USAGM, რომელიც ზედამხედველობას უწევს „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას“, ამერიკის ხმას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ტრამპის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ USAGM-მა გაუგზავნათ წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ „რადიო თავისუფლებას“ აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი უწყდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი