ახალი ამბები

გაეროს წარმომადგენელი საქართველოში ფონდების დაყადაღების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

25 მარტი, 2025 •
გაეროს წარმომადგენელი საქართველოში ფონდების დაყადაღების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში მერი ლოლერი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ხუთი საქველმოქმედო ფონდის ანგარიშების დაყადაღების გამო.

მისი თქმით, ის, რომ ფონდების დაყადაღება გამოძიების ნაწილია, ასევე შემაშფოთებელია.

მან ამ გადაწყვეტილებების მიმღებს მისი გაუქმებისკენ მოუწოდა.

“ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში 5 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციებს შორისაა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის სასიცოცხლო სამუშაოებს ასრულებს. ის, რომ ფონდების გაყინვა ნოემბრისა და დეკემბრის საპროტესტო აქციების გამოძიების ნაწილია, შემაშფოთებელია. გადაწყვეტილების მიმღებებს მოვუწოდებ, შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება და დაისაჯონ ისინი, ვინც თავს ესხმიან უფლებადამცველებსა და მშვიდობიან მომიტინგეებს”, – წერს მერი ლოლერი.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ფონდები, რომლებიც პროევროპული აქციებისას დაზარალებულებს ეხმარებოდა, საბოტაჟის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს.

პროკურატურა ირწმუნება, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებმა და მარშებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ხოლო საქველმოქმედო ფონდები „ახალისებენ“ მოძალადეებს.

პროკურატურის თანახმად, სამართალდამრღვევი პირების მატერიალურ მხარდაჭერას ახდენენ შემდეგი ფონდები:

  • „ნანუკას ფონდი“
  • „ფროსფერითი“
  • „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“
  • „სირცხვილია“
  • „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“

პროკურატურის ინფორმაციით, მითითებული პირებს 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე დახარჯული აქვთ 2 000 000 ლარზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი