სერბეთის მთავრობა, პრემიერმინისტრ მილოშ ვუჩევიჩის ლიდერობით, გადადგა, პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კი განაცხადა, რომ ივნისის დასაწყისში ახალი არჩევნები შეიძლება დანიშნოს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ იანვარში პრემიერმინისტრმა ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ გადადგომისთვის მზად იყო, სერბეთის პარლამენტმა მისი გადადგომის შესახებ განაცხადი მხოლოდ კვირების შემდეგ დაადასტურა, როცა პროტესტმა აქამდე ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო.
ვუჩიჩმა განაცხადა, რომ თუ ახალი მთავრობა არ ჩამოყალიბდება ვუჩევიჩის გადადგომიდან 30 დღეში, ის ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, რომელიც, სავარაუდოდ, 8 ივნისს ჩატარდება, მხოლოდ წლინახევრის შემდეგ, რაც უკანასკნელი არჩევნები ჩატარდა სერბეთში.
ბოლო ვადა სერბეთის ახალი მთავრობის ფორმირებისთვის 18 აპრილია.
4-თვიანმა აქციებმა სერბეთში 15 მარტს კულმინაციას მიაღწია ბელგრადში. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, პროტესტის ყველაზე ხალხმრავალ მომენტში ქუჩაში 107 000 ადამიანი იმყოფებოდა. დამოუკიდებელმა მედიამ აქციას უწოდა ყველაზე მასშტაბური სერბეთის ისტორიაში და თქვა, რომ რეალური რიცხვები მთავრობის მიერ გამოცხადებულზე გაცილებით მაღალი იყო. მათ განაცხადეს, რომ 325 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რამაც ეს პროტესტი სერბეთის ყველაზე დიდ მიტინგად აქცია.
უკვე 4 თვეა სერბეთში მასობრივი აქციები მიმდინარეობს. პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველ ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევას, ჯამში, 15 ადამიანი ემსხვერპლა. ნოვი სადის ტრაგედიის გამო სერბეთში საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ. პროტესტის ფონზე გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი, ინფრასტრუქტურის მინისტრი გორან ვესიჩი და დააკავეს 10-ზე მეტი ადამიანი.
დემონსტრანტებს სწამთ, რომ „ნოვი სადის“ ნგრევა კორუფციისა და უპასუხისმგებლობის შედეგია. ვუჩიჩი ამტკიცებს, რომ საპროტესტო მოძრაობა მას არ მიემართება.
ამავე თემაზე
რა კავშირშია სერბეთში დაწყებულ პროტესტთან ანაკლიაში გამარჯვებული ჩინური კომპანია
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
