ახლობლების ინფორმაციით, მოშიმშილე პატიმრის, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
დედის, ეკა წერეთლის თქმით, გიორგი ჩიკვაიძეს ჰქონდა კრუნჩხვა, ფეხებში მგრძნობელობა დაკარგული აქვს და მონიტორინგში ჩართულია ნევროლოგი.
„გიორგის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კანკალებს, ვეღარ გადაადგილდება. დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით. 5 დღის წინ ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, რა დროსაც ვარაუდობენ პენიტენციურის ექიმები, რომ ტვინში მოხდა დაზიანება და ამის შემდგომ ვეღარ გადაადგილდება. ასევე, პენიტენციური დაწესებულების ექიმებს აქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა, იყოს მენინგიტი ან ენცეფალიტი. მოვითხოვთ გიორგი ჩიკვაიძის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანას!“ — აცხადებს გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი.
სახალხო დამცველის აპარატში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ და დღეს პატიმარს ომბუდსმენის წარმომადგენელი მოინახულებს.
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება ედება, 11 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მეორე დღეს მან სრული შიმშილობა გამოაცხადა.