ახალი ამბები

ერდოღანის მთავარი მეტოქე, სტამბოლის მერი დააკავეს

19 მარტი, 2025 •
ერდოღანის მთავარი მეტოქე, სტამბოლის მერი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი, სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ „კორუფციისა და ტერორისტული კავშირების“ შესახებ გამოძიების ფარგლებში დააკავა.

პროკურატურამ ასევე გასცა 100 სხვა ადამიანის დაკავების ორდერი, დაკეტა რამდენიმე გზა სტამბოლის ირგვლივ და ოთხი დღით აკრძალა აქციები, რათა თავიდან აიცილოს პროტესტი დაპატიმრებების შემდეგ. დაკავებულთა შორისაა იმამოღლუს თანამებრძოლი მურატ ონგუნიც.

ერთი დღით ადრე სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რითაც ფაქტობრივად მოახდინა პოპულარული ოპოზიციური ფიგურის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დისკვალიფიკაცია.

იმამოღლუ დააკავეს რესპუბლიკური სახალხო პარტიის (დაფუძნებულია მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ) პრაიმერიზის წინ, რომელიც კვირას უნდა გამართულიყო და იგი პრეზიდენტობის კანდიდატად დაესახელებინა.

თურქეთში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, თუმცა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით პროტესტი მიმდინარეობს.

„ჩვენ დიდი ტირანიის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ გულგატეხილი არ ვიქნები. მე მტკიცედ ვდგავარ და ვენდობი არა მხოლოდ სტამბოლის 16 მილიონ მცხოვრებელს, არამედ (თურქეთის) 86 მილიონ მოქალაქეს“, — თქვა იმამოღლუმ დაკავებამდე სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში. მან ხელისუფლება ხალხის „ნების უზურპაციაში“ დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი