ახალი ამბები

ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა გერმანიის თავდაცვის დანახარჯების მნიშვნელოვნად გაზრდას

18 მარტი, 2025 •
ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა გერმანიის თავდაცვის დანახარჯების მნიშვნელოვნად გაზრდას

გერმანიის ბუნდესტაგმა (პარლამენტი) მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომელიც თავდაცვასა და შეიარაღებაზე ქვეყნის დანახარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ეს გადაწყვეტილება ითვალისწინებს იმას, რომ თავდაცვაზე დანახარჯები გერმანიის მკაცრი ვალის წესებიდან გამონაკლისებში მოექცეს.

გადაწყვეტილებას დასავლურ პრესაში ისტორიულს უწოდებენ, რადგან გერმანია მეორე მსოფლიო ომის კონტექსტიდან გამომდინარე ყოველთვის ერიდებოდა თავდაცვაზე დანახარჯების მკვეთრ გაზრდას. ბუნდესტაგის შემდეგ გადაწყვეტილებას კანონად ქცევისთვის მხარი პარლამენტის ზედა პალატამაც (ბუნდესრატი) უნდა დაუჭიროს 2/3 უმრავლესობით.

ფრიდრიხ მერცმა, გერმანიის მომავალმა კანცლერმა, პარლამენტს უთხრა, რომ ქვეყანამ ბოლო დეკადა “უსაფრთხოების ცრუ განცდით” გაატარა.

“გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს ვიღებთ… შესაძლოა იყოს პირველი დიდი ნაბიჯი ევროპული თავდაცვის გაერთიანებისაკენ”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს გაერთიანება მოიაზრებს ქვეყნებსაც, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები.

ის, რომ გერმანიის ახალ მთავრობას ექნება საშუალება ულიმიტოდ ხარჯოს თანხები თავდაცვაზე, კარგი ამბავია უკრაინისთვისაც, რადგან მასაც ექნება საშუალება ბერლინისგან მიიღოს მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება.

გარდა სამხედრო დანახარჯებისა, გადაწყვეტილება ითვალისწინებს 500 მილიარდ ევროს მობილიზებას სპეციალური ფონდისთვის, რომელიც ინფრასტრუქტურის ინვესტიციებზე იქნება მიმართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი