ფონდ „ფროსფერითი ჯორჯიის“ ცნობით, ჩაჰბარდათ სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზეც ბუნდოვანი რჩება ფონდის დაყადაღების მოტივი.
„დღეს ფონდს ჩაჰბარდა განჩინება, სადაც ბუნდოვნად აღწერილია მისი ანგარიშების დაყადაღების მოტივი, აღძრული სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე.
იურისტებთან ერთად განვიხილეთ განჩინება და მათთან კონსულტაციის საფუძველზე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საქმე წარმოადგენს სამართლებრივ ნონსენსს.
მოცემული გადაწყვეტილებით, ადამიანების თანადგომა ცხადდება დანაშაულად. არადა, ფონდის მიზანი სწორედ დაზარალებული ხალხის დახმარებაა. ფონდი მუშაობს წესდებით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად და ჩვენი საქმიანობა შემოიფარგლება საჯაროდ გაცხადებული ჰუმანიტარული ქმედებებით.
საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ფონდი საქმიანობას წარმართავს გამჭვირვალედ. მისი საქმიანობა არის საჯარო და კანონთან შესაბამისი. რეგულარულად ქვეყნდება მისი ყველა აქტივობა და ფინანსური ანგარიში“, — ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
გუშინ, 17 მარტს გავრცელდა ინფორმაცია იმ ფონდების დაყადაღების შესახებ, რომლებიც ეხმარებოდნენ პროტესტში ჩართული ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილებას, მათ შორის, ჯარიმების გადახდით, სინდისის პატიმრების ოჯახების დახმარებით და სხვა. გარდა „ფროსფერითი ჯორჯიის“ ფონდისა, დაყადაღებულია „ნანუკას ფონდი“, ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7. ფონდების დაყადაღებაზე სარჩელი პროკურატურაში ვატო შაქარიშვილმა შეიტანა.