დღეს, 18 მარტს, „ქართულმა ოცნების“ პარლამენტმა მედიის შემზღუდველი და სხვა კანონპროექტები მეორე მოსმენით მიიღო.
დღეს მეორე მოსმენით მიიღეს:
- „მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში ცვლილებები, რომლითაც ტელევიზიებისა და რადიოებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება იკრძალება.
- ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი ბრუნდება.
- საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის საფუძველზეც საკანონმდებლო სივრციდან ტერმინ „გენდერის“ ამოღება ხდება. ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“.
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საჯარო მოსამსახურეს (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) უფლება აქვს ასრულებდეს
სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე; საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირს უფლება აქვს ასრულებდეს რაიმე
ანაზღაურებად სამუშაოს ან იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ თავისი უშუალო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე; საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე. - „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასცემს თანხმობას მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიურ საქმიანობის განხორციელებასთან, აგრეთვე, მოსამართლის მიერ სხვა სარგებლის (გარდა კანონმდებლობით აკრძალული სარგებლისა) მიღებასთან დაკავშირებით.
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირები იქნებიან, ხოლო აღნიშნულ თანამდებობებზე პირების დანიშვნა შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს ან იმ უწყების ხელმძღვანელის პრეროგატივა იქნება, რომლის მმართველობის სფეროშიც შედის ესა თუ ის კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
- „პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც თეატრს ერთპიროვნულად უხელმძღვანელებს დირექტორი, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელის, როგორც თეატრის საერთო ხელმძღვანელის თანამდებობა უქმდება. იმ შემთხვევაში, თუ თეატრის დირექტორს უმაღლესი სახელოვნებო განათლება აქვს, ექნება უფლება, რომ თავადვე შეითავსოს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა. ხოლო თუ დირექტორს არ აქვს უმაღლესი სახელოვნებო განათლება, მას აქვს შესაძლებლობა, რომ მოიწვიოს სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი რეჟისორი ან სარეჟისორო კოლეგია და ამ სამიდან ერთ-ერთ სუბიექტთან ერთად განსაზღვროს თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკა.
დღესვე „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მმართველი პარტიის თქმით, ამერიკული „FARA-ს ასლია“ ( უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის).