თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მას ასევე 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
300 ათასი ლარი ჯარიმა დაეკისრა ამავე საქმეზე სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროს თეიმურაზ ჯანაშიას, რომელსაც ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლის მსუბუქ ნაწილზე გადაუკვალიფიცირდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.
სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე)
გამოძიების ვერსიით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის მაშინდელ უფროსს, თემურ ჯანაშიას შორის შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი გაიფლანგა.
აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.
მაგალითად, პროკურატურის თანახმად, 2009 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა მასაჟისტი, რომელმაც აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს გაუწია შესაბამისი მომსახურება.
„სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება მისი პირადი მიზნებისთვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე.
[ეს] მაშინ, როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება”, — აცხადებდა უწყება.
მიხეილ სააკაშვილი ბრალს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ საუბარია საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალურ ხარჯებზე, როგორიცაა, მაგალითად, დონალდ ტრამპის, ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონის და სხვათა გამასპინძლება, შეჯავშნული ავტომობილის ქირაობა და სხვა, რაც არ შეიძლება, პრეზიდენტის პირად ხარჯად ჩაითვალოს.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის 5 საქმეა აღძრული. მესამე პრეზიდენტი უკვე გასამართლებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ვალერი გელაშვილის ცემისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის (ე.წ. პიჯაკების საქმე) საქმეებზე. ამ უკანასკნელზე შეფარდებულმა სასჯელმა (9-წლიანი პატიმრობა) შთანთქა წინა, 6-წლიანი სასჯელი.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ორი — 7 ნოემბრის და საზღვრის უკანონო კვეთის — საქმის განხილვა გრძელდება.