ახალი ამბები

პუტინისთვის ნებისმიერი „მშვიდობა“ უბრალოდ მოკლე შესვენებაა — ბელარუსი ოპოზიციონერი

11 მარტი, 2025 •
პუტინისთვის ნებისმიერი „მშვიდობა“ უბრალოდ მოკლე შესვენებაა — ბელარუსი ოპოზიციონერი

ბელარუსი ოპოზიციონერი და ქვეყნიდან დევნილი პოლიტიკოსი, სვიატლანა ტიხანოვსკაია ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ილუზიაა იმის თქმა, თითქოს პუტინს მშვიდობა სურს და იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან გამკლავებას ცდილობენ, მსგავს ილუზიებთანაც უწევთ ბრძოლა.

ტიხანოვსკაიას თქმით, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ევროპულ ქვეყნებს და მთლიანად ევროპას ერთად დგომა სჭირდება და ნაკლები მოლოდინები ოკეანის გაღმა მოკავშირეების მიმართ.

„მადლობას გიხდით აქ წარმოდგენილ ყველა ერს არა მარტო ბელარუსისა და უკრაინის გვერდში დგომისთვის, არამედ საქართველოს, მოლდოვის, სომხეთის მხარდაჭერისთვის. ჩვენ ყველა ერთად ვიმყოფებით ერთსა და იმავე ბუნდოვანებაში და ვეკითხებით საკუთარ თავებს — ვინ იდგება ჩვენ გვერდით თავისუფლებისთვის ბრძოლაში? იქნება ჩვენი ქვეყნები ოდესმე უსაფრთხო და თავისუფალი? თუ დავრჩებით გოლიათის ჩრდილში, იმ ძალის, რომელიც არ გვცემს პატივს, არ სცემს პატივს ჩვენს სუვერენიტეტს და არ გვაღიარებს ევროპის დამოუკიდებელი და თავისუფალი ერების ნაწილად?“ — თქვა ტიხანოვსკაიამ.

ბელარუსმა ოპოზიციონერმა მწვავედ დასვა კითხვები, მოქმედების რა გზას აირჩევს ევროპა, როგორც საკუთარი უსაფრთხოების, ისე ევროპის უსაფრთხოების ფარად ქცეული ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთთან გამკლავებას ცდილობენ.

„ჩვენ უნდა შევეწიროთ მსხვერპლად გოლიათს, როგორც შეთავაზება იმ იმედით, რომ ამით მას გააჩერებთ? გვგონია, რომ თუ გოლიათი იმას მიიღებს, რაც უნდა, წინ აღარ წავა? გავიხსენოთ ისტორია — იმპერიის შიმშილს ვერ დააკმაყოფილებთ.

დიახ, ჩვენ ვცხოვრობთ ბუნდოვანებით სავსე ეპოქაში, მაგრამ ამ ბუნდოვანებამ მერყევები არ უნდა გაგვხადოს. ვინ დაიცავს ევროპას, თუ არა თავად ევროპელები? ყოველთვის ოკეანის გადაღმა უნდა ვიყუროთ, რომ ისინი დაგვიცავენ? იქნებ დადგა დრო, რომ ვთქვათ, ჩვენ აღვდგებით ერთმანეთის დასაცავად?“ — განაცხადა ბელარუსმა ოპოზიციონერმა.

ტიხანოვსკაიამ ისაუბრა იმ ბრძოლის შესახებ, რასაც ბელარუსი ხალხი გადის, მათ შორის, ქალები. იმ უსამართლობოს შესახებ, რაც მათ ქვეყანაში სუფევს ლუკაშენკოს უკვე მრავალწლიანი დიქტატურის მანძილზე, რომელიც განსაკუთრებით სასტიკი ბოლო წლებში გახდა.

ბელარუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ერებს, რომელთაც რუსეთი და პუტინი ებღაუჭება, ილუზიების წინააღმდეგაც უწევთ ბრძოლა — პუტინს და მის მარიონეტულ რეჟიმებს არ სჭირდებათ მშვიდობა, მათ მორჩილება სჭირდებათ.

„მთვრალი მეზობელივით აგრესიულად იქცევა, როცა ვერ ღებს იმას, რაც უნდა. მისი ამბიციების ცვლილების გარეშე, ნებისმიერი „მშვიდობა“ უბრალოდ პაუზაა, მოკლე შესვენება“, — აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

ტიხანოვსკაიას სიტყვის გამოსვლას ევროპარლამენტში ტაშითა და ფეხზე წამოდგომით უპასუხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი