ახალი ამბები

გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები – ხატია ბუნიათიშვილი

11 მარტი, 2025 •
გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები – ხატია ბუნიათიშვილი

ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც ის აღნიშნავს, ადამიანების დაკავებით მთავრობა ვერ მოკლავს იმ თავისუფალ აზრს, რომელიც ქართველ ხალხს აქვს.

მისივე თქმით, ქართველებისთვის თავისუფლების ჩახშობა ყოველთვის დროებითი იყო და ახლა ეს “დროებითი” იმაზე ხანმოკლე იქნება, ვიდრე აქამდე.

“გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! სრულიად უდანაშაულო, უვნებელი და თავისუფალი ადამიანები.

მათი დაკავებით თავისუფალ აზრს, რომელიც ქართველს სისხლში აქვს, ვერ მოკლავთ. ამ ადამიანებს კი აკლებთ თავისუფლად ჰაერის ჩასუნთქვის (თუნდაც დანაგვიანებულის), ახლობლებთან მოსიყვარულების და კამათის, თავის ნებაზე ცხოვრების დღეებს, რომელიც ყველა მოქალაქის უფლება და თქვენი, მთავრობის, მთავარი მოვალეობაა. თქვენზე იქნება ამ დღეების, თვეების და წლების მანძილზე დაკარგული დღეების, რომლებსაც ვერასდროს ვერ დაუბრუნებთ, ტვირთად ტარება. ბევრად უფრო მძიმეა ეს ტვირთი, ვიდრე გგონიათ. თავისუფლების ჩახშობა ჩვენთვის ყოველთვის დროებითი იყო. დღეს “დროებით” ბევრად უფრო მალეა, ვიდრე ადრე. ასეთი დროა.

გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით – გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! არ მეთაკილება – გთხოვთ, გთხოვთ, – გთხოვთ, დაუბრუნოთ ადამიანებს ის, რაც ეკუთვნით და წაერთვათ. მათი ღიმილის გისოსებს გარეთ დანახვა გვინდა, რომ ჩვენც შევძლოთ გაღიმება, სამშობლოს საზღვრებს შიგნით თუ გარეთ, ისე რომ არ შეგვაშრეს”, – წერს ხატია ბუნიათიშვილი.

 

&

საქართველოში უკვე 105-ე დღეა მოქალაქეები უწყვეტ პროტესტს მართავენ. ისინი ხელახალი, ლეგიტიმური არჩევნების ჩატარებასა და იმ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც ამ აქციების განმავლობაში დააკავეს. სისხლის სამართლის წესით 50-ზე მეტი სინდისის პატიმარია დაკავებული.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება პროტესტის ჩასახშობად, სხვა რეპრესიულ მეთოდებთან ერთად, აქტიურად იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებსაც – გაიზარდა ადმინისტრაციული სახდელებისა და ჯარიმების რაოდენობა და აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საბაბით 5 000-ლარიან ჯარიმებს უწერენ. ჯარიმის შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად არაერთ ადამიანს მისდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი