დღეს, 8 მარტს, ჭიათურაში მაღაროელების აქცია გაიმართა.
როგორც აქციაზე გამომსვლელებმა განაცხადეს, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ განცხადება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება, არამხლოდ მაღაროელებსა და მათ ოჯახებს, არამედ მთელი ქალაქის ეკონომიკას შეეხება.
მაღაროელების თქმით, კომპანია ამ გადაწყვეტილებით მათ ეუბნება, რომ ისინი აღარ სჭირდება და მადნის მოპოვეას მათ გარეშე, კარიერული წესით გააგრძელებს.
„დღეს ჩვენ დაგვაბრუნეს 90-იან წლებში, სადაც არ სამსახურები იყო, შესაბამისად არც ხელფასი იყო და გამოსავალიც არ ჰქონდა კაცს, გარდა იმისა, რომ ყანაში ეთოხნა და მჭადი ეჭამა. ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანეს. მიუხედავად ამისა, ეს ხალხი მათ წესიერებით ესაუბრება და დღემდე ყური არავინ არ გვიგდო.
მინდა არამარტო მაღაროელების, სრულიად ჭიათურელი ხალხის გასაგონად ვთქვა – ვინც აქ ცხოვრობს, ვინც აქ რაღაცას აკეთებს და თავის საარსებო წყარო აქვს, გუშინ ისეთი განცხადება გააკეთა CMC-მა [„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“], რომ ყველას მოგვიწევს ამ ქალაქიდან წასვლა, თუ ისინი თავიანთ მიზანს მიაღწევენ.
ისინი ამბობენ, რომ ჭიათურა არის წამგებიანი და სრულად წყვეტენ მიწისქვეშა მოპოვებით სამუშაოებს. მაღაროში მომუშავე 3500 ადამიანზეა დამოკიდებული მათი ოჯახები და არამარტო მათი ოჯახები, ქალაქის ეკონომიკა. ყველას გვეუბნებიან, წაბრძანებით სახლში, აღარ გვჭირდებითო… ე.ი. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ მარტივად, იაფად, თქვენს გარეშე, ტექნიკით ქალაქს და სოფლებს ვაქცევთ ერთ დიდ კარიერად და თქვენ წადით, სადღაც გადაიხვეწეთო. ე.ი. ეს მაღაროელების საფიქრალი კი არ არის, ყველა იმ ადამიანის საფიქრალია, ვისაც ამ ქალაქში ცხოვრება უნდა, ამ ქალაქისთვის კარგი უნდა და ამ ქალაქის მომავალი აღელვებს“, – განაცხადა მაღაროელთა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა.
აქციაზე გამომსვლელის თქმით, იმედოვნებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება მაღაროელთა მოთხოვნების შესახებ სრულად არაა ინფორმირებული, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება თავს არ იწუხებს ინფორმაცია სწორად მიწოდებისთვის.
მისი თქმით, მომდევნო კვირაში მაღაროელები გეგმავენ თბილისში ჩასვლას, რათა ცენტრალურ ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ.
„თუ ცენტრალური ხელისუფლება სრულად ინფორმირებულია და მაინს ასე უგულოდ ექცევა ამ ქალაქს და ამ ხალხს, ეს რაზე მიანიშნებს? – არც ქვეყნის ბედი ადარდებთ, არც ხალხის ბედი ადარდებთ. ამიტომ მე ვიმედოვნებ, რომ ისინი არ არიან სწორად ინფორმირებულნი. ამიტომ, როცა სამუშაო კვირა დაიწყება, ჩვენ შევეცდებით ჩავიდეთ თბილისში და გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალება, რათა სწორად მივაწოდოთ ცენტრალუ ხელისუფლებას ჩვენი სათქმელი. ამასთან ერთად, ჩვენს სათქმელს ვიტყვით პარლამენტთან.
თუ კიდე არ დაგვიგდებენ ყურს, ჩვენსკენ ნაბიჯს არ გადმოდგამენ, მე უკვე დამარწმუნებენ იმაში, რომ მათ არც ხალხის და არც ქვეყნის ბედი აღელვებთ. მე დავიძახებ პირდაპირ, რომ ისინი არ უნდა იყვნენ ქვეყნის სათავეში. ვიმედოვნეთ, ეს არის ადგილობრივი ხელისულფების ბრალი და ცენტრალურთან დაპირისპირება არ მოგვიწევს. თუ მოგვიწევს, ვერავის ჩვენ, ჩვენი შვილების მომავალს ვერ გავანდგურებინებთ, როგორც მობრძანდნენ, ისე წაბრძანდებიან“, – განაცხადა – განაცხადა მაღაროელთა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა.
იანვარში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. ჭიათურელი მაღაროელების ინფორმაციით, ეს ეხება 5000 თანამშრომელს, რომელთაგან 3000-ზე მეტი ჭიათურაში მუშაობს.
7 მარტს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება.
მაღაროელების თქმით, CMC-ის ზემოთ მოყვანილი განცხადება, რომელიც 7 მარტს, გვიან საღამოს გამოქვეყნდა, ნიშანია, რომ მეორე დღიდან მთელი ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს, კომპანიამ უნდა დატოვოს ჭიათურა და წარმოება გადაიბაროს სახელმწიფომ, ხალხთან ერთად.
ჭიათურაში 28 თებერვლიდან მაღაროელების პროტესტი მიმდინარეობს, რომელსაც ქალაქის მცხოვრებლებიც შეუერთდნენ. ისინი ამბობენ, რომ კომპანიის ზემოთ მოყვანილი განცხადება გასაკვირი არ არის და არ უკვირთ, რომ „3500 ადამიანს ულუკმაპუროდ ტოვებენ“.
ჭიათურელი მაღაროელები 20 დღეა ხელფასს ვერ იღებენ — 60%-იან ანაზღაურებას, რისი გადახდის ვალდებულებაც კომპანიას დაეკისრა მუშაობის პროცესის შეჩერების შემდეგ.
ჭიათურელებს რამდენიმე მსხვილი მოთხოვნა აქვთ, რაც, მათივე თქმით, შემდგომ დეტალურ განხილვას და დაზუსტებას საჭიროებს:
- შეხვდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები;
- გავიდეს ინვესტორი და სახელმწიფომ გადაიბაროს ჭიათურაში პასუხისმგებლობა სამთო წარმოებაზე;
- როდესაც აღდგება მუშაობა, მადნის ექსპორტიდან შემოსული თანხის 5% ჩაირიცხოს ფონდში, რომელიც ჭიათურელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება განკუთვნილი;
- ჭიათურასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დაინიშნოს უფასო ტრანსპორტი;
- მიეხედოს ქალაქის ეკოლოგიას, განსაკუთრებით ღია კარიერულ მოპოვებას;
- გაიყინოს ბანკის სესხები მუშაობის აღდგენამდე.