KRAB Coffee-ის თანამშრომელ გოგოებზე თავდასხმის გამო დაკავებულ პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა.
როგორც თავდამსმელის ადვოკატი „ტვ პირველთან“ ამბობს, მისი დაცვისქვეშ მყოფს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდის შემდეგ ის საპატიმროს დატოვებს.
„მოსამართლემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, დაცვის მხარის დასაბუთება და ჩემს დასაცავ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო, ოღონდ ეს არის საპატიმრო გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით და გამოიყენა 3 000 ლარის ოდენობით…
მოსამართლემ მხედველობაში მიიღო მისი ეკონომიკური მდგომარეობა, ის, რომ ის არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ასევე ის ინახავს ბებიას და ბაბუას, ამ გარემოებებზე დაყრდნობით, ჩემი აზრით, მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით”, – განაცხადა ადვოკატმა.
„კრაბ კოფის“ თანამშრომელ გოგოებს თავს 5 მარტს დაესხნენ. მათ კლინიკაში გადაყვანა დასჭირდათ.
ოპერის ჩიხში მდებარე კაფე KRAB Coffee პროევროპული აქციის მონაწილეების დროებით თავშესაფრად იქცა. ქრისტი და ბარბი აქციის მონაწილეებს ყავითა და ჩაით ყოველდღიურად, მოხალისეობრივად უმასპინძლდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და 1 პირი დააკავა.
ფოტო: „ტვ პირველი“