აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, „მეგობარი აქტს“, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, სენატშიც წარადგენენ.
„მეგობარი აქტის“ შესახებ მოსმენა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 11 მარტს არის დაგეგმილი.
თავდაპირველად „მეგობარი აქტი“ პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა 2024 წლის მაისში, იმ დროს წარადგინა, როცა „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს იღებდა. ის 2025 წლის იანვარშიც წარადგინეს ხელმეორედ.
ამჟამად მისი თანასპონსორი 18 კონგრესმენია.
აქტის სახელი MEGOBARI სიმბოლურია და ითარგმნება, როგორც ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის ასამაღლებლად, საქართველოს შესაძლებლობების მობილიზება და გაძლიერების აქტი (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).
ხელახლა წარდგენილი დოკუმენტი კვლავ ორი ნაწილისგან შედგება – ის ითვალისწინებს საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებს და ასევე მხარდაჭერას, თუ ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, მათ შორის საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.
- ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების დაწესებას. იმ პირების, რომლებზეც აღმოჩნდება, რომ კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაში არიან ჩართული;
- უზრუნველყოფს სერტიფიცირების მექანიზმს, რომელიც მოითხოვს უფრო ღრმა ურთიერთობებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატია და სუვერენიტეტი აღდგება;
- ითხოვს რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობების სრულ აღრიცხვას საქართველოში და რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობას საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის შელახვის მიზნით.
ხელახლა წარდგენილი აქტი კვლავ მოითხოვს „ქართული ოცნების“ სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებისთვის შეზღუდვების დაწესებას და ითვალისწინებს „ოცნების“ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას.
„მეგობარი აქტი“ მოუწოდებს „ქართული ოცნების“ მთავრობას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პოლიტიკურად მოტივირებული ნიშნით დაკავებული ყველა პირი და მოხსნას მათ წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება.
ასევე მოუწოდებს, რომ საფუძვლიანად მოხდეს გამოძიება ყველა ბრალდების, რომელიც წარმოიშვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ხელახლა წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელთან და თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით, წარუდგინოს კონგრესის შესაბამის კომიტეტებს საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსული და ჩინური გავლენების შესახებ.