ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზეთს სუვერენიტეტის დაკარგვის რისკი არ აქვს” – ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი

7 მარტი, 2025 •
“აფხაზეთს სუვერენიტეტის დაკარგვის რისკი არ აქვს” – ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი

“აფხაზეთს არ აქვს არანაირი რისკი სუვერენიტეტის დაკარგვასთან დაკავშირებით, რუსეთთან ურთიერთობები ამას ამტკიცებს. აფხაზეთის ხალხმა უკვე განსაზღვრა საკუთარი მომავალი, სახელმწიფოებრიობის განვითარების, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მომავალი და რუსეთის ფედერაციამ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას”, – განუცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ სააგენტო tass-ს.

ამასთან, როგორ ის ამბობს, ინვესტიციური შეთანხმება აფხაზეთსა და რუსეთს შორის აღარ განხორციელდება თავდაპირველი სახით [რაც აფხაზეთში უკმაყოფილებას იწვევდა].

„თუ საზოგადოება ამბობს, რომ ჩვენ ასეთი შეთანხმება არ გვჭირდება, მაშინ, როგორც პასუხისმგებელმა პირმა, აუცილებელია, მოვუსმინო ჩვენი ხალხის აზრს. მე ჩემი ინიციატივით მივმართე რუს კოლეგებს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ამ სახით არ მიეღოთ. ჩვენი რუსი კოლეგები გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს და ინვესტიციური შეთანხმება ამ სახით აღარ იქნება“, – განაცხადა გუნბამ.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ “აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში” მიმართა „კომპეტენტურ ორგანოებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას“, რათა მოეგვარებინათ კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც ინვესტიციურ შეთანხმებას უკავშირდებოდა. „[ამ შეთანხმებამ] გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეთა მასობრივი ემოციები და აღშფოთება. მიმაჩნია, რომ ნაწილობრივ ეს საკითხი პოლიტიზირებული იყო, ნაწილობრივ კი იმან იმოქმედა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო საზოგადოებისთვის იმ დადებითი მომენტების სრულად მიწოდება, რომლებიც შეთანხმებაში იყო ჩადებული”.

მასალების გადაბეჭდვის წესი