ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის რეგიონული დირექტორის, დენის კრივოშეევის განცხადებით, არ ახსენდება პარლამენტი, რომელიც დრაკონულ კანონებს ისეთი მასშტაბითა და სიჩქარით იღებდეს, როგორც ამას „ქართული ოცნების“ პარლამენტი აკეთებს.
ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ ამ რეგიონის შესახებ ვმუშაობთ და ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ არ მახსოვს,მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით და ასე სწრაფად, ასე მოკლე დროში აკეთებდეს. საქართველოს ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე უდგება, თითქოს მას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს მისი გამოყენება და როდის არა. ეს ახალი კანონმდებლობაც ამის შესაბამისია. ისინი ზღუდავენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, გამოხატვის უფლებას. ჩვენ ვიხილეთ თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველაფერი, რაც მათ სურვილს ეწინააღმდეგება, რომ საჯარო სივრცის გაკონტროლება შეძლონ, როგორც ჩანს, ხალხი თავდასხმის სამიზნე ხდება.
ჩვენ გვაშფოთებს იმის ნახვა, თუ როგორ ამკაცრებენ ისინი წესებს, რომლებიც ისეთ რაღაცებს არეგულირებს, როგორიც საჯარო სივრცეა. ასევე, ხალხის უფლებას და შესაძლებლობას, პროტესტისა და სიტყვის თავისუფლებით ისარგებლოს. ახლა კი ვხედავთ გაზრდილ ჯარიმებს, რომლებიც აკრძალვებს უკავშირდება, რაც თავადაა შერჩევითი და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. ვხედავთ, როგორ ზრდიან და აფართოებენ ამ დრაკონული წესების მასშტაბს და მათ გამოყენებას“, – განაცხადა დენის კრივოშეევმა.








