ახალი ამბები

ადვოკატის შეფასებით, ბაჩიაშვილისთვის წარდგენილ მეორე ბრალზე ხანდაზმულობის ვადა გასულია

26 თებერვალი, 2025 •
ადვოკატის შეფასებით, ბაჩიაშვილისთვის წარდგენილ მეორე ბრალზე ხანდაზმულობის ვადა გასულია

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის და მისი ადვოკატის თანახმად, ბაჩიაშვილისთვის წაყენებულ მეორე ბრალზე ხანდაზმულობის ვადა გასულია.

როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, სადავო ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა და წარდგენილ ბრალზე ხანდაზმულობის ვადა 2020 წელს გავიდა.

„ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ხანდაზმულობის მაქსიმალური ვადა არის 6 წელი. თვითონ ფაქტს რაც შეეხება, როდის არის ჩადენილი [დანაშაული], ბრალდების დადგენილებაში წერია, რომ მართალია, ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა, 2019 წლამდე გიორგის ეჭირა ხელმძღვანელის პოზიცია [თანაინვესტირების ფონდში]. თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაულის ჩადენის დროდ ითვლება დრო, როდესაც პირმა კონკრეტული ქმედება განახორციელა, მაგალითად, ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, თუ ჩათვლიან, რომ არამიზანშეწონილი იყო. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არ აქვს“, — მიიჩნევს ლევან მახაშვილი.

საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება წარუდგინა გულგრილობის მუხლის მეორე ნაწილით — ე.ი. სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება და სასჯელის ზომის მიხედვით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადის. ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუ გავიდა ექვსი წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.

ბაჩიაშვილის საქმეში დასადგენი იქნება, დანაშაულის ჩადენის ვადად ჩაითვლება 2014 წელი, როდესაც თანაინვესტირების ფონდის მართულმა კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგმა“ შპს „მტკვარი ჰესის“ წილი შეიძინა, თუ 2019 წელი, როდესაც „მტკვარი ჰესი“ ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო. პირველ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ხანდაზმულობის ვადა გასულია, მეორე შემთხვევაში კი — არა. პროკურატურა თავის განცხადებაში წერს, რომ ბაჩიაშვილი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და „არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად“.

ამ თემაზე:

ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს, “დაზარალებული” კვლავ ივანიშვილია

მასალების გადაბეჭდვის წესი